„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ქეთევან ციხელაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ გააცნო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ფონდის დაარსების ამოცანაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ინიციატივის მიზნებს, მშვიდობის მშენებლობას, თანამშრომლობასა და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.  იგი დამატებით ხელს შეუწყობს ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას გამყოფი ხაზების გასწვრივ.

„სწორედ პარტნიორებისა და ყველა დაინტერესებული პირის დახმარებით ამ ფონდის ამუშავებით  ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება შეიძლება სამშვიდობო პროცესში, რომელიც მიმართულია, აპოლიტიკურად, ადამიანების დახმარებაზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების განვითარებაზე და აუცილებლად საერთო ინტერესის წახალისებაზე. გამყოფი ხაზის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს მოსახლეობას სჭირდება ხელშეწყობა და ეს დღეს საუკეთესო ინვესტიციაა მშვიდობაში. რა თქმა უნდა ასეთი ტიპის ნაბიჯები არავის წინააღმდეგ არ არიოს მიმართული. კიდევ ერთხელ, ადამიანების კეთილდღეობას და მშვიდობას ემსახურება. ამ ფონდით  ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ ინსტრუმენტს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა იყოს დინამიური, იყოს პროაქტიული, ჩვენ არ ჩავიკეტოთ მხოლოდ რეაგირების რეჟიმში იმ გამოწვევებზე, რომელსაც ადგილი აქვს უკვე წლებია.  ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოვაგვაროთ კონფლიქტი. ეს მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობაა. მაგრამ ადამიანებს რეალურ დროში, რეალურ სივრცეში დღეს აქვთ ძალიან გადაუდებელი საჭიროებები. მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია ორივე რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა, ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომ დავეხმაროთ მათ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. და ეს გავაკეთოთ ისე, რომ გადაწყვეტილებისას არ იყოს კავშირი პოლიტიკურ სტატუსთან, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, სამშვიდობო პროცესში ეს თემა ჰუმანიტარული საჭიროებებისა და ჰუმანიტარული პროცესების დროს ერთგვარ ჩამკეტად გამოიყენება. ჩვენ არ უნდა გავხადოთ ადამიანები მძევალი  პოლიტიკური უმნიშვნელოვანესი პროცესის, რამაც აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებამდე. არამედ უნდა ვცადოთ, რომ მათ დავეხმაროთ არსებული მოქნილობის გამოყენებით ამას ემსახურება ფონდი და სახელიც ასეთი აქვს შერჩეული. ეს არის მშვიდობის ფონდი, რომელიც პირველ რიგში მშვიდობას და  ადამიანების უკეთეს მომავალს ემსახურება. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით. ახლა ნამდვილად დრო არის, რომ ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენ მატერიალურად ვთარგმნოთ იმისთვის, რომ არცთუ ისე დიდი რესურსებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ ათასობით ადამიანისთვის“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფონდი 12 აგვისტოს დაფუძნდა და მისი დამფუძნებლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად