ირანში სასამართლომ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ნარგეს მოჰამადის, რომელიც უკვე იმყოფება პატიმრობაში. მოჰამადი დამნაშავედ ცნეს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გავრცელებაში და მას დამატებით 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გარდა ამისა, განთავისუფლების შემდეგ მას ორი წლით ეკრძალება კავშირის საშუალებებით სარგებლობა, პოლიტიკური საქმიანობა და ირანის დატოვება.

ნარგეს მოჰამადი არის პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე. ირანის ხელისუფლებამ ის 13-ჯერ დააპატიმრა, ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოჰამადი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი, ამის შემდეგ ის უფლებადამცველ საქმიანობას ეწეოდა.

ამჟამად ის სასჯელს იხდის თეირანის ციხე ევინში, სადაც ხშირად ათავსებენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ადრე მან შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე. გაერო და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოჰამადის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.

2023 წელს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი სახელით პრემია მიიღეს და ციხეში მის მიერ დაწერილი ნობელის ლექცია წაიკითხეს მისმა შვილებმა. ოფიციალურმა თეირანმა ნობელის კომიტეტს ბრალი დასდო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ადამიანის უფლებების თემის „პოლიტიზაციაში“.