მშვენიერაძე: “ოცნება” ცდილობს გახარიას სირცხილი ჩამოწმინდოს, მის პირობებში შსს-ს რეპუტაცია დაზიანებული იქნება

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ შს მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან 20 ივნისის მოვლენების დროს მისი გადაწყვეტილებებით ის ასოცირდება საზოგადოების დასახიჩრებასთან.

როგორც მშვენიერაძემ “აიპრესს” განუცხადა, მას გაუჭირდება შსს-ში მუშაობა, რადგან დაზიანებულია რეპუტაცია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პოზიცია, რომ ის, რაც ვნახეთ იყო უკანონო და იყო ძალადობა. გარდა იმისა, რომ კანონი დაირღვა და ის ადამიანები სამართლებრივად აგებენ პასუხს, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელები პოლიტიკურადაც აგებენ პასუხს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ბატონმა გიორგი გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. რადგანაც, მას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

გარდა ამისა კიდევ ერთი საკითხია რომ მას ძალიან გაუჭირდება უწყებაში მუშაობის გაგრძელება. დაზიანებული იქნება მისი რეპუტაცია, რომელიც ასოცირდება ჩვენი საზოგადოების დასახიჩრებასთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი არ იყოს შს მინისტრი“, – ამბობს მშვენიერაძე.

კითხვაზე, რა რიტორიკაა უმრავლესობის წევრების განცხადებები, როდესაც მათ დაიცვეს გახარია და თქვეს, რომ მინისტრმა თავიდან ააცილა ქვეყანას არეულობა? – პასუხობს:

„ხელისუფლება ცდილობს ჩამოწმინდოს სირცხვილი, რომელიც მის კისერზეა და გადაფაროს მომხდარი აქტი მისთვის მომგებიანი პოზიციით”, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები ყოველ ღამე იმართება. დღეს უკვე პროცესებმა საკანონმდებლო ორგანოშიც გადაინაცვლა. ამ საკითხზე გამართული დისკუსიის დროს დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დააუპირისპირდნენ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...