მშვენიერაძე: გახარიასგან ანტისაოკუპაციო მოძრაობის და ვასაძის დაჯგუფების ერთ სიბრტყეზე დაყენება დიდი ბოროტებაა

გახარიამ გვითხრა, რომ თურმე პოლიცია თუ სახეში გაფურთხებს გადაცდომაა, ხოლო თუ მოქალაქე არღვევს წესრიგს, დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

მშვენიერაძემ “აიპრესს” შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაცემა “რეაქციისთვის” მიცემული ინტერვიუ შეაფასა და თქვა, რომ გახარია ცდილობს თითქოს შსს-მ ძალა ლეგიტიმურად და პროპორციულად გამოიყენა და ამ ნაწილში დიპლომატების მოშველიებასაც დილობს. მშვენიერაძის თქმით, ამიტომ თქვა გახარიამ რომ 20-21 ივნისის მოვლენებს თვალს ელჩებთან ერთად ადევნებდა პარლამენტში.

„შსს ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ძალის გამოყენება სრულად ლეგიტიმური და პროპორციული. ამის გასამყარებლად ცდილობენ დამატებითი არგუმენტების მოშველიებას, მათ შორის ცდილობენ დიპლომატების მოშველიებას. ამიტომ ისაუბრა მან იმაზე, რომ დიპლომატებთან ერთად ადევნებდა ვითარებას თვალს. თუ დააკვირდით, როდესაც ის საუბრობდა პოლიციის ქმედებებზე და ამდენი ადამიანის დაზიანებაზე, საუბრობს გადაცდომაზე, ხოლო ადამიანების შემთხვევაში ის საუბრობს, როგორც მძიმე დანაშაულზე. ეს არის მთელი უბედურება. თურმე, როცა პოლიციელი სახეში გაფურთხებს გადაცდომაა, ხოლო მოქალაქე თუ არღვევს წესრიგს, ეს არის დანაშაული”, – ამბობს მშვენიერაძე.

კითხვაზე, რატომ შეადარა ერთმანეთს ხოშტარია და ვასაძე რისი წარმოჩენა სურდა მას? – მშვენიერაძე პასუხობს:

“ეს არ ყოფილა ვასაძის და ხოშტარიას შედარება. არამედ ეს იყო ერთ მხარეს მყოფი ადამიანების მოქმედება, რომელიც დეკლარირებულად ძალადობრივი იყო, რომლებიც შეხლა-შემოხლისთვის ემზადებიან, ხოლო მეორე მხარეს მყოფი მშვიდობიანი ადამიანების ქმედება, რომლებიც მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან. ეს ორი სრულიად სხვადასხვა ჯგუფი ერთ სიბრტყეზე დააყენა შს მინისტრმა. მათი ერთ სიბრტყეზე დაყენება დიდი ბოროტებაა”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...