მშვენიერაძე: გახარია ალტერნატიული რეალობის შექმნას ცდილობს, ან “ოცნება” რადიკალიზმზე გადადის

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუმ გვაჩვენა, რომ ის ვერ აღიქვამს შექმნილ ვითარებას და ალტერნატიული რეალობის შექმნას ცდილობს, ან ხელისუფლება რადიკალურ მოქმედებებზე გადადის.

როგორც მშვენიერაძემ „აიპრესთან“ თქვა, გახარიამ გადაცემა „რეაქციისთვის“ მიცემულ გუშინდელ ინტერვიუში ბევრი ტყუილი თქვა.

„გუშინდელმა ინტერვიუმ რაც გვანახა, არის ის, რომ ბატონი გიორგი ან სწორად ვერ აღიქვამს შექმნილ ვითარებას და ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას, ან სწორად აღიქვამს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს და თვლის, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა რაღაცები უნდა გადაწყდეს სახელმწიფოში. თუკი მანამდე ქართული ოცნება ცდილობდა შეექმნა არაძალადობრივი ხელისუფლება, აწი მისი მოქმედებები რადიკალური გახდება. ამის დამტკიცება უნდოდათ, რომ გუშინ ძლიერი მინისტრი გველაპარაკებოდა.

მოვისმინეთ ბევრი ტყუილი და ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა იყო. დაწყებული გავრილოვის საქართველოში შემოსვლიდან, როცა გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი. ეს კანონში ძალიან მკაფიოდ გვიწერია, ასევე საგარეო მიზანშეწონილობიდან გამომდინარეც თუ მიუღებელია საქართველოში ვინმეს ყოფნა, შესაძლოა მათ არ მიეცეთ ამის უფლება. შსს ის უწყებაა, რომელიც ამას აკეთებს. ამით დაწყებული და დამთავრებული იმით, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ამბოხი, რომელიც კვირები მზადდებოდა. ის ლაპარაკობს არასანდო მტკიცებულებებზე, რომელიც სასაცილოდ ჩანს სამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე ტყუილი იყო, რომ აქციის მონაწილეების დაშლის შესახებ 4-ჯერ გააფრთხილეს. თქვენც, ჩვენც და ყველა მაყურებელი ხედავდა, რომ არანაირი მოწოდება არ ყოფილა. გაგრძელებული იმით, რომ აქციის დაშლამდე 10-15 წუთით ადრე ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პირი პრემიერი ამბობდა, რომ არ იგეგმებოდა ძალის გამოყენება, თან გახარია  გვეუბნება, რომ გაფრთხილებული გვყავდაო, რაც წარმოუდგენელი ამბავია.

დემოკრატიულ ქვეყნებში უმთავრესი, რითაც იწყება სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა, ეს არის ადამიანების დაცვა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ „სადამსჯელო“ ღონისძიებას ძალიან ბევრი ადამიანის, მათ შორის ჟურნალისტების ჯანმრთელობის უფლება შეეწირა”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...