“მშიშარა დეპუტატი და შეუთანმხებლად მიღებული გადაწყვეტილებები დემოკრატია არ არის”

"მშიშარა დეპუტატი, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია, ეს არ არის დემოკრატია",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" სხდომის დაწყებამდე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შექმნილი გაუგებრობის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, კოალიციის ლიდერის მიერ პრეზიდენტთან კანდიდატურის განხილვის დეტალები 20-მა დეპუტატმა არ იცოდა და კონსულტაციები არ გამართულა.

"ფაქტი დამდგარია, ამას ადასტურებს პარლამენტის 20 წევრი და უფრო მეტიც. სათავე ამ პრობლემისა არის ის ხალხი, რომელიც ასე შეუთანხმებლად, არაკორდინირებულად იქცევა. თუ ვინ არის, ამას გავარკვევთ და ლოგიკურად დადგება ის საკითხი, რაც უნდა დადგეს.

არავის არავის თანამდებობა არ წადია, ღმერთმა მოუმართოს ყველას ხელი, მაგრამ მშიშარა დეპუტატი, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია, ეს არ არის დემოკრატია”,-განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ გამოთქვა. მაშინ, საგანელიძემ ქუცნაშვილს ასე უპასუხა:

"ბოლო სამი დღეა ერთად ვართ. ძალიან მიკვირს, როდესაც უცხოეთში ვიგებ სააგენტოების საშუალებით ინფორმაციებს, რომ განცხადებები კეთდება. ჩემი აზრით კარგია თუ მეტი კომუნიკაცია ექნებათ, უფრო ხშირად ივლიან პარლამენტში. ქუცნაშვილს ალბათ ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი, რომელიც არ გაამჟღავნა არავისთან. ბატონი გიგა მისი მეგობარია და თავის მეგობარს მხარი დაუჭირა. თუ ვინმე ჩათვლის, რომ დათო საგანელიძემ უნდა დატოვოს უმრავლესობის ლიდერის პოსტი ესეც კარგია, რადგან ყველას თუ უყვარხარ, მაშინ მაინცდამაინც კარგი ადამიანი არ უნდა იყო – ვიღაცას არ უნდა უყვარდე" – განაცხადა საგანელიძემ რუსთავი 2-სთვის მიცემულ კომენტარში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად