მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილს 10 მილიონი ტენგესთვის ჭიდაობის შანსი მოუსპეს (ვიდეო)

ყაზახეთის სამხრეთ დედაქალაქ ალმათიში ყაზახურ ჭიდაობა კურესიში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ‘ალემ ბარისი” ჩატარდა.

ყაზახური ნაციონალური ჭიდაობა კურესი იუნესკომ 2016 წელს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა. რიგი ტექნიკური ელემენტების მხრივ მას გარკვეული მსგავსება აქვს ახლახან იუნესკოს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ასევე შეტანილ ქართულ ჭიდაობასთან, აგრეთვე უზბეკურ კურაშთან და თათრულ კურეშთან. კურესში დასაშვებია მხოლოდ წელზე და წელზემო ჩავლებები და დაუშვებელია ფეხებში შესვლა. მუხლით ხალიჩაზე შეხება გაფრთხილებით ისჯება. ჭიდაობის მიზანია მოწინააღმდეგის ბეჭებით ხალიჩაზე დაგდება.

ჩემპიონატში 29 ქვეყნის 34 სპორტსმენი მონაწილეობდა და მათ შორის იყვნენ 90 კგ-დან 161კგ-მდე წონის პალუანები (კურესის მოჭიდავეები -“აიპრესი”), სამბისტები, ძიუდოისტები, სუმოისტები…

ჩემპიონატის ფავორიტად ითვლებოდნენ შარშანდელი გამარჯვებული, მასპინძელი აიბეკ ნუგიმაროვი და ფინალში მასთან დამარცხებული გურამ თუშიშვილი. გურამი შარშანდელი დამარცხების შემდეგ აცხადებდა, რომ ზედმეტი თვითდაჯერების გამო დაისაჯა.

ამჯერად ფავორიტები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებიდან უკვე მე-17 წამზე გურამმა მეტოქე ცალ მუხლზე “დააჩოქა” და მსაჯებმა ყაზახს გაფრთხილება მისცეს. 30-ე წამზე აიბეკმა გდება დააპირა და გურამმა ბოლო წამს შეძლო ხალიჩაზე მყარი დგომის შენარჩუნება. მე-40 წამზე აიბეკი ორივე ხელით შეეხო ხალიჩას და მეორე გაფრთხილება მიიღო. შეხვედრის დაწყებიდან წუთი და 15 წამი იყო გასული, როდესაც მეტოქეები ილეთის ჩატარების ორმხრივი მცდელობის შემდეგ ხალიჩის ცენტრისკენ გაეშურნენ და გაუგებარი მიზეზით მსაჯმა გურამი გააფრთხილა.

განახლდა ჭიდაობა, კვლავ ორმხრივი მცდელობა ილეთის ჩატარების, გურამის წამიერი მოდუნება და აიბეკის გდება. ილეთი აშკარაა, თუმცა… მცირე ხნის შემდეგ მსაჯებმა სხვაგვარად განსაჯეს და აიბეკს სუფთა გდება ჩაუთვალეს. ეკრანზე გდების მომენტზე რამდენჯერმე იმეორებენ, აშკარად ჩანს, რომ გურამი ბეჭებით ხალიჩას არ შეხებია, მაგრამ მსაჯები არ ცვლიან გადაწყვეტილებას.

პროტესტის ნიშნად გურამ თუშიშვილმა აიბეკ ნუგიმაროვს გამარჯვება არ მიულოცა და ხალიჩა ისე დატოვა, რომ არც მსაჯს და არც მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა.

ფინალში აიბეკ ნუგიმაროვმა (142 კგ) ჩემპიონატის მონაწილეთა შორის ყველაზე მჩატე წონის მქონე, თანამემამულე ერსულთან მუზაპაროვი დაამარცხა და ოქროს ქამრის მფლობელი გახდა. მან აგრეთვე მიიღო ფულად პრიზი 10 მილიონი ტენგე. მეორე ადგილზე გასული მუზაპაროვი ვერცხლის ქამრით და 6 მილიონი ტენგეთი დაჯილდოვდა.

ბრინჯაოს ქამრის და 3 მილიონი ტენგეს მფლობელი რუსი რომან ბობიკოვი უბრძოლველად გახდა. ყაზახური პრესის ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ გურამი მასთან საჭიდაოდ პროტესტის ნიშნად არ გავიდა, მეორე ნაწილი კი წერს, რომ გურამმს ტრავმამ აიძულა უარი ეთქვა ჭიდაობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...