მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 ოფიციალურად 3 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის დეტალები გააცნო. ღონისძიება თავდაცვის უწყების არმიჰოლში გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო სწავლება მიზნად ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს. ლევან იზორიამ წვრთნებში ქვეყნების მონაწილეობის მზარდი დინამიკა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სწავლებაში მონაწილობაზე, ასევე წვრთნების ორგანიზების საქმეში, ქართულ მხარესთან ერთად, აშშ-ის ჩართულობაზე ისაუბრა. მან სამხედრო სწავლების წარმატებულად ჩატარებისათვის სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაც გამოყო.

თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების მიმდინარეობისა და წვრთნებში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ლელა ჩიქოვანი, გიორგი ბუთხუზი და ნუკრი გელაშვილი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. არმიჰოლში, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Agile Spirit 2017 ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება. სწავლების საველე და საშტაბო ფაზები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში ჩატარდება. მრავალეროვნული სწავლება 11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.

სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად