“მოვყვე ახლა ყველაფერი ლევან ბეჟაშვილის მიყვანა-მოყვანის დროს როგორ ხდებოდა?”

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა დღეს პარლამეტში გამართულ ბიუროს სხდომაზე მოითხოვეს დეპუტატების ლევან ბეჟაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, რასაც პარლამეტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.  

სერგო რატიანის თქმით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა, არაფერი შედეგი არ დამდგარა. გუშინ გვიან ღამით კი დეპუტატის მძღოლი ცემეს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენს კოლეგაზე ნუგზარ წიკლაურზე განხორციელდა თავდასხმა. გუშინ, უკვე სახლთან ნუგზარ წიკლაურის მძღოლს დაესხნენ თავს. თუ უმოკლეს ვადაში არ იქნება გამოძიებული ეს შემთხვევა, ჩვენ შეგვექმნება ასევე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ესეც ხელისუფლების მიერ არის დაგეგმილი. ჯერჯერობით ამაზე ჩვენ სპეკულაციას ნამდვილად არ ვაპირებთ“.

უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ ბიუროზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის დაკავების ფაქტი შეახსენა კოლეგებს.

„კიდევ ერთი ფაქტი იყო ლევან ბეჟაშვილთან მიმართებაში, მაგალითად პოლიციამ იგი უკანონოდ დაააკავა. რაღაცა ნაბიჯს ხომ უნდა მიმართოს პარლამენტმა, ერთი წელი გავიდა პარლამენტის წევრზე თავდასხმა მოხდა და არაფერი არ ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაღაც ნაბიჯი რომ გადავდგათ… ვაიძულოთ სამართალდამცავები, რომ რაღაც გააკეთონ…“-განაცხადა ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგების პრეტენზიებს უპასუხა და განაცხადა, რომ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სპეკულაციები ნამდვილად მოყვება:

„მიუხედავად იმისა, რა მოხდა და რატომ მოხდა და ა. შ. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ არა სპეკულაციებს რაზეც ბატონმა რატიანმა მიგვანიშნა. მან ჩვენ გვითხრა, რომ ახლა უკვე ვიცი რომ ეს ასეაო, რომ ჩაიდინაო და მერე შეიძლება სპეკულაციასაც მივყო ხელიო“.

უსუფაშვილმა ვაშაძესაც უპასუხა და კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს წარსული შეახსენა.

„თქვენ ვარაუდების დონეზე სადღაც იშვერთ თითს და ძალიან ბევრი რამე ვარაუდების კი არა გამოძიების და სასამართლო გადაწყვეტილების საქმეა. ამიტომ, ლევან ბეჟაშვილის ფაქტს რაც შეეხება, ახლა მოვყვე ყველაფერი ლევან ბეჟაშვილის მიყვანა-მოყვანის დროს ვინ რა ტელეფონზე იყო და როგორ ხდებოდა ამის მენეჯმენტი დასრულებაც ლევანთანაც და სხვებთანაც.

ახლა ვინაიდან გუშინ ეს ფაქტი მოხდა თუ თქვენ ასე გინდათ საქმის წაყვანა კი ბატონო, ძალიან შორს წავალთ.“-განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...