მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე კლასიკოსები ნავსის გატეხვას შეეცდებიან 

14-22 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქი ნურ-სულთანი მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

თავდაპირველად ბერძნულ-რომაული (იგივე კლასიკური, იგივე ფრანგული) სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან ბრძოლაში და ისინი ათ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის, ხოლო ექვს წონით კატეგორიაში, დამატებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვებისთვის იჭიდავებენ.

ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეები 60-67-77-87-97-130 კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ. ნურ-სულთანში საქართველოდან ამ წონებში შემდეგი სპორტსმენები იჭიდავებენ:

60 კგ – დავით ჩხარტიშვილი
67 კგ – შმაგი ბოლქვაძე
77 კგ – გელა ბოლქვაძე
87 კგ – გურამ ხეცურიანი
97 კგ – გიორგი მელია
130 კგ – იოსებ ქაჯაია

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს პირველ-მეექვსე ადგილებზე გასული სპორტსმენები მიიღებენ.

არაოლიმპიურ, 55-63-72-82 კგ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია
63 კგ – ლევან ქავჟარაძე
72 კგ – იური ლომაძე
82 კგ – ლაშა გობაძე

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ თავის ვებ-გვერდზე 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მედალოსანთა ჩამონათვალი შეცვალა და აქამდე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ანგარიშზე არსებული 1 ოქროს 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის ნაცვლად, საქართველოს წილად 1ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. ერთ-ერთ ბრინჯაოს მედალოსანს ანტი-დოპინგური წესების დარღვევის გამო მედალი ჩამოერთვა. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, დისკვალიფიკაციის ათთვიანი ვადის ათვლა 2018 წლის მაისში დაიწყო, უკვე ამოიწურა და მოჭიდავეს აქვს შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე დამტკიცოს, რომ ძალუძს სუფთად ჭიდაობით გაუწიოს კონკურენცია მეტოქეებს.

ქართველ კლასიკოსებს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედალი უკანასკნელად 2007 წელს აქვთ მოპოვებული, ხოლო ვერცხლის მედალი კი – 2011 წელს. ჭიდაობის გულშემატკივრები მოელიან, რომ ნურ-სულთანში ქართველი კლასიკოსები გატეხენ ნავსს და ოქრო-ვერცხლით დაიმშვენებენ მკერდს.

27 ქართველ კლასიკოსს 1953 წლიდან დღემდე გამართულ 48 მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მოპოვებული აქვს 22 ოქროს, 9 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი.

აქედან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამართულ 27 მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულია 18 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამართულ 21 მსოფლიო ჩემპიონატზე კი 4 ოქროს, 5 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი.

მსოფლიო ჩემპიონატის 22 ოქროს მედალი 13 ქართველი კლასიკური სტილით მოჭიდავის მიერ არის მოპოვებული:

1966, 1967, 1969, 1970 – რომან რურუა
1953, 1955, 1958 – გურამ კარტოზია
1958, 1962, 1963 – როსტომ აბაშიძე
1978 1981 – გურამ ბლაგიძე
1982, 1983 – თეიმურაზ აფხაზავა
1982 – თემო ყაზარაშვილი
1961 – ავთანდილ ქორიძე
1981 – მიხეილ სალაძე
1987 – გურამ გედეხაური
2001 – მუხრან ვახტანგაძე
2003 – მანუჩარ კვირკველია
2007- დავით ბედინაძე
2007 – რამაზ ნოზაძე

მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები არიან:

2009, 2011 – მანუჩარ ცხადაია
1962 – ომარ ეგაძე
1963 – რომან გვანცელაძე
1969 – ომარ ბლიაძე
1974 – შოთა მორჩილაძე
1994 – ბაკურ გოგიტიძე
2002 – ბადრი ხასაია
2006 – დავით ბედინაძე

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან:

2002, 2006 – მანუჩარ კვირკველია
2017, 2018 – რობერტ კობლიაშვილი
1973 – შოთა მორჩილაძე
1974 – იოსებ ბერიშვილი
1983 – თემო ყაზარაშვილი
1993 – თენგიზ თედორაძე
1994 – გელა პაპაშვილი
2003 – რამაზ ნოზაძე
2007 – ბადრი ხასაია
2015 – ლაშა გობაძე
2017 – რევაზ ბადარეიშვილი
2018 – ნუგზარ წურწუმია

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად