მოსკოვში “რადიო თავისუფლების” ანგარიშები დააყადაღეს

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები მოსკოვში დააყადაღეს მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლოს აღმასრულებელთა ბიუროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღსრულების დაწყების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო თავისუფლების ცნობით, აღსრულების გადაწყვეტილება აღიძრა სასამართლოს 10 ვერდიქტის თაობაზე, მას შემდეგ, რაც ამოიწურა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდის ორთვიანი ვადა. ჯარიმების საერთო თანხა 5 მილიონ რუბლს შეადგენს.

მედიაკორპორაციამ არაერთგზის აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს თავს რომელიმე უცხო ქვეყნის „აგენტად“, ვინაიდან მისი სარედაქციო პოლიტიკა სრულიად დამოუკიდებელია და, ამასთანავე, სრულად იცავს რუსეთის კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.

წლის დამდეგიდან რუსეთის მედიის სამეთვალყურეო უწყებამ, „როსკომნადზორმა“ სასამართლოს გაუგზავნა 520-მდე ოქმი რთე/რთ-ის მიერ „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე. რთე/რთ უარს ამბობს თავისი მასალის აღნიშვნაზე „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით.

რთე/რთ-მ გაასაჩივრა „როსკომნადზორის“ ოქმები, მაგრამ რუსეთის სასამართლოებმა ჯერჯერობით 250-ზე მეტი საჩივარი უკუაგდეს. საერთო ჯამში, მაუწყებლის მიმართ დღემდე გამოწერილი ჯარიმები 70 მილიონ რუბლს (950 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

რთე/რთ-მ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს სთხოვა, რუსეთს ხელი შეუშალოს ამ ჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებაში. კომპანიის თანახმად, ჯარიმების მიზანი დამოუკიდებელი მედიის ჩაჩუმებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...