“მოსამართლეთა და სხვა ჯგუფების ღირსების დაცვისთვის სამართლებრივი მექანიზმებია შესაქმნელი”

ჩვენ სამართლებრივი მექანიზმი უნდა გავაუმჯობესოთ, რომ იურისტებმა, ჟურნალისტებმა, პედაგოგებმა და ყველა სხვა პროფესიის ადამიანებმა ღირსება გამართული სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებზე კრიტიკისას გარკვეულწილად უნდა გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს.

როგორც ქუცნაშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, მოქალაქეების ღირსების დაცვისთვის საჭიროა, რომ სამართლებრივი მექანიზმები შეიქმნას.

„ნაწილობრივ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ მოქალაქეების და მათ შორის მოსამართლეების ღირსების დაცვისთვის ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი შევქმნათ. მე არ მიმაჩნია, რომ ღირსების, როგორც სიკეთის დაცვისას პროფესიული განსხვავება, ან სოციალური განსხვავება უნდა არსებობდეს. რადგან არსებული სამართლებრივი მექანიზმი ღირსების სრულყოფილად დაცვის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ პრობლემას ვხედავ არსებული მექანიზმის გაუმჯობესებაში და არა ერთი პროფესიის ხალხის გამოყოფაში. პროფესიული ნიშნით გამოყოფა, რომ მოდით განსაკუთრებულად მოსამართლეების ღირსება დავიცვათ მე სწორად არ მიმაჩნია.

ჩვენ სამართლებრივი მექანიზმი უნდა გავაუმჯობესოთ, რომ იურისტებმა, ჟურნალისტებმა, პედაგოგებმა და ყველა სხვა პროფესიის ადამიანებმა ღირსება გამართული სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან.

ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩავატაროთ კვლევა რა სამართლებრივი მექანიზმები აფერხებს ღირსების, როგორც სიკეთის დაცულობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის მტკიცების ტვირთი. ვისზე უნდა იყოს მტკიცების ტვირთი ღირსების შელახვისათვის. ეს არის ძალიან რთული სამართლებრივი საკითხი. როდესაც ღირსებას გილახავენ და ისეთ რაღაცას გაბრალებენ, რაც არ ჩაგიდენია.

ამ შემთხვევაში დგას საკითხი მხარემ უნდა ამტკიცოს რომ მას ეს არ ჩაუდენია თუ დამბრალებელმა რომ მან ეს ჩაიდინა. ეს ძალიან სერიოზული სამართლებრივი საკითხია. ანუ ღირსების დაცვის საკითხს ბევრი ასპექტი აქვს. სწორედ ამაზე უნდა ჩატარდეს სერიოზული სამართლებრივი კვლევა. დადგინდეს ნებისმიერი კონფესიის, სოციალური ჯგუფის ან ასაკობრივ ჯგუფს რა სამართლებრივი ბარიერი ემუქრება და ეს გავასწოროთ და არა ისე, რომ პროფესიული ნიშნით მივუდგეთ ღირსების დაცვის მექანიზმების შემოღებას“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, ეს გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს? – დეპუტატი ასე პასუხობს:

„გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია მთელ რიგ საკითხებში. ეს არის ომის თუ ძალადობის პროპაგანდა, სოციალური თუ რასობრივი შუღლის გაღვივების პროპაგანდა. გამოხატვის თავისუფლება ბევრ შემთხვევაშია შეზღუდული“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა "აიპრესთან".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად