მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარმოადგინა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურებს, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტით, აღნიშნული პროცედურა 5 ეტაპად იყოფა:

პირველი ეტაპი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონპროექტით გათვალისწინებული წესით იწყებს საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურას. ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს სახელმწიფო ენას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ითვლება:

ა) მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი
გამოცდილება;

ბ) ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი
გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი;

გ) სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. განხილვის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, რომელიც წარდგენილ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.

კანონპროექტით განისაზღვრება პრინციპი, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

პირს (სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა), რომელსაც არ აქვს ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან შესაბამისი გამოცდის შედეგები ძალადაკარგულია, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან არაუადრეს 21-ე და არაუგვიანეს 25-ე დღისა ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს სპეციალურად დანიშნული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

მეორე ეტაპი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განმცხადებელთა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და განხილვის ვადების გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე.

თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ერთ ან ორ ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 3-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე. ხოლო, თუ შერჩევის პროცედურა გამოცხადებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არანაკლებ 3 ვაკანსიაზე, შერჩევის შემდგომ ეტაპზე, ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე, გადადის გამოცხადებულ ვაკანსიაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2,5-ჯერ მეტი შერჩევის პროცედურაში მონაწილე (შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა განისაზღვრება ნამრავლის მთელი რიცხვით).

კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შერჩევის პროცედურაში მონაწილეების შემდგომ ეტაპზე გადასულთა სია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ აღმოჩნდება, რომ შერჩევის პროცედურაში მონაწილეთა რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია გამოცხადებული შემდგომ ეტაპზე გადასაყვანთა კვოტისა, ეს მონაწილეები კენჭისყრის გარეშე გადადიან შემდგომ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი ამ ეტაპზე არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.

მესამე ეტაპი – შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში იწყება კანდიდატების მოსმენა რომელიც ტარდება საჯაროდ.

მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა ამ კანონით დადგენილი წესით კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია.

საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვით მიმართონ თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების მოსმენების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს აფასებენ ქულებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე ფარულად უყრის კენჭს უზენაესი კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ვინაობა ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი არც ამ ეტაპზე სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით.

მეოთხე ეტაპი – კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი ეყრება საქართველოსპარლამენტისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ კანდიდატს, ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი უფლებამოსილი არ არის ხმა მისცეს მისი კანდიდატურის საქართველოს პარლამენტში წარდგენას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი კანდიდატის თაობაზე განსხვავებული აზრის შემთხვევაში, უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული განსხვავებული აზრი გადაეცემა საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს. მათ აგრეთვე გადაეცემათ ინფორმაცია კანდიდატისთვის მინიჭებული ქულის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილმა მოსამართლეობის კანდიდატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინოს ცნობა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული ცნობები მიღებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

მეხუთე ეტაპი – თუ საქართველოს პარლამენტში კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ვერ მოხდა, ვაკანსიის შესავსებად, 2 კვირის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოქვეყნებულ სიაში დარჩენილ პირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის ოდენობამდე დაყვანის მიზნით, ფარულად, უყრის კენჭს. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე დარჩენილი ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. ამ კანდიდატთაგან წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების ორ მესამედს მაინც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანონპროექტით დადგენილი წესით ვერ მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შევსება, 1 თვის ვადაში ხელახლა იწყება შერჩევის პროცედურა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატების წარდგენა, ვინც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობას, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

კანონპროექტის მიხედვით, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონს ემატება ახალი მუხლი, (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება), რომლის თანახმად:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შესაფასებლად, იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის კანონით დადგენილი წესით მოძიებას. ამ მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე კანდიდატთა მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ინფორმაციას.

ინფორმაციის მოძიების შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მიღებული მონაცემები იქნება კონფიდენციალური და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას დაუკავშირდეს კანდიდატის რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატის ნასამართლობის, ადმინისტრაციული და დისციპლინური დავების და დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, აცნობოს კანდიდატს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და უზრუნველყოს თითოეული კანდიდატისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული შეინახება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ დაცულ ადგილას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლის თანახმად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების მომენტისათვის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ითვლებიან გაწვეულად.

გარდამავალი დებულება ასევე ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის შესავსებად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების ვადას, რომლის თანახმად, კანდიდატის შერჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...