მორიგი შეწყალების შემდეგ 77 წლის კაცმა კვლავ ჩაიდინა მკვლელობა

2016 წლის 28 იანვარს მენის შტატის მოსამართლემ ცოლის მკვლელობისთვის, შემდეგ კი ქალებზე ძალადობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი 74 წლის კაცი შეიწყალა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინა გამოტანილი განაჩენების კვლევის კომისიის მონაცემები, რომლის თანახმადაც 65 წელზე ზემოთ ასაკის შეწყალებულ დამნაშავეთა მხოლოდ 13,4% იქნა კვლავ დაპატიმრებული განთავისუფლებიდან რვა წლის შემდეგ, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 65%-ის საპირისპიროდ, ჩათვალა, რომ 74 წლის ალბერტ ფლიკი საზოგადოებისთვის საშიში აღარ იყო და მისი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.

ალბერტ ფლიკი ციხეში პირველად 1979 წელს მოხვდა. მაშინ მისმა მეუღლემ, სანდრა ფლიკმა მასთან განქორწინების მიზნით სასამართლოში შეიტანა საბუთები და ომის ვეტერანს, მენის შტატის ქალაქ უესტბრუკის ფუნთუშების მაღაზიის გამყიდველ ალბერტს პოლიციის ძალით დაატოვებინა ბინა. სამი კვირის შემდეგ მან ყოფილი მეუღლე თავის ნივთების წაღებად დაიბარა სახლში. ალბერტი მასთან სახლში დასაკეცი დანით შეიარაღებული მივიდა.

სანდრას 12 წლის ქალიშვილი კარის ღრეჭოდან ხედავდა, როგორ ააფარა დედამისს პირზე ხელი ალბერტმა და დანით დარტყმას დარტყმაზე როგორ აყენებდა. ბავშვის მიერ საშველად მოხმობილმა მეზობელმა სანდრა სისხლის გუბეში მცურავი იხილა. მას 14 ჭრილობა ჰქონდა. ალბერტ ფლიკს 30 წელი მიუსაჯეს, საიდანაც მან 21 მოიხადა და კარგი ქცევის გამო ციხიდან ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს.

თავისუფლებაზე მას ბევრი დრო არ დაუყვია, 2000 წელს ალბერტ ფლიკი ისევ ციხეში აღმოჩნდა. ციხიდან ამჯერად შედარების სწრაფად განთავისუფლებულმა ფლიკმა 2007 წელს პარტნიორ ქალს ჩანგლი ჩაარჭო და კვლავ ციხეში მოხვდა.

მორიგი განთავისუფლების შემდეგ, 2010 წელს იგი სხვა ქალს დაესხა თავს – ჯერ დანის ტარი ჩაარტყა მას თავში რამდენჯერმე, შემდეგ კი სახრახნისით სცადა მისთვის დაზიანების მიყენება. ქალმა გაქცევით უშველა თავს. ადგილზე მოსულმა პოლიციამ თავის ჩამოხრჩობის მცდელობით დაკავებული ფლიკი სახანძრო კიბესთან ნახა.

“მე ვფიქრობ, რომ მისტერ ფლიკი ქალებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც დიდ საშიშროებას ქმნის და ის მკაცრად უნდა დაისაჯოს”, – მიმართავდა მაშინ სასამართლოს პროკურორი კეტრინ ტირნი.

2014 წელს ციხიდან პირობით განთავისუფლებული ალბერტ ფლიკი იმ ქალს შეხვდა, რომელზეც ბოლოს იძალადა და დაემუქრა მას, რომ ის თავისას მიიღებდა. ფლიკი ციხეში შეაბრუნეს, საიდანაც მოსამართლემ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2016 წელს იმ მოტივით შეიწყალა, რომ, ასაკიდან გამომდინარე, საშიშროებას აღარ წარმოადგენდა

ციხიდან გამოსული ფლიკი მენის შტატის ქალაქ ლიუისტონში ნათესავთან ერთად ცხოვრობდა. აქ მან გაიცნო 48 წლის კიმბერლი დობი, რომელიც იმ დროს თავის ორ ბიჭთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდა. ფლიკს ქალი მოეწონა და ცდილობდა მთელი დღეების განმავლობაში ყოფილიყო მის გვერდით. ქალი იგივე სურვილი, როგორც ჩანს, არ ჰქონდა და ერთხელაც, თავშესაფრიდან ბინაში გადასვლის წინა დღეებში, სთხოვა მას, შეეწყვიტა მასთან ურთიერთობა.

ფლიკმა ჩათვალა, რომ ქალის ნება არაფერს ნიშნავდა და იგი ამ მისი უნდა ყოფილიყო, ან არავისი. მან მაღაზიაში დანები იყიდა და 2018 წლის 15 ივლისს დილით ჩუმად აედევნა დობის და მის ბიჭებს. სამრეცხაოში სარეცხის ჩაბარების შემდეგ დობი იქვე, სამრეცხაოს კიბეებზე ჩამოჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა, მისი ბიჭები კი ტროტუარზე თამაშობდნენ, როდესაც ფლიკი მიეპარა ქალს და დანით 11 ჭრილობა მიაყენა.

ალბერტ ფლიკის სასამართლო პროცესი ოთხშაბათს დაიწყო. ნაფიცი მსაჯულებისთვის 40 წუთი აღმოჩნდა საკმარისი მის დამნაშავედ ცნობისთვის. განაჩენს მოსამართლე აგვისტოში გამოაცხადებს. მენის შტატში სიკვდილით დასჯა არ არის და ვარაუდობენ, რომ ფლიკს 25 წელს მიუსჯიან.

1979 წელს დედის მკვლელობის შემსწრე ელსის კიმბალის აზრით, მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე არაერთი და ორი პირია დამნაშავე იმაში, რომ ალბერტ ფლიკმა ციხე რამდენჯერმე ვადაზე ადრე დატოვა. არ მესმის, როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა გაამართლონ თავიანთი საქციელი. მართალია ფლიკმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მათ მისცეს მას ამის საშუალება”, – ამბობს ელსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...