“მორიგი დეზინფორმაციის კამპანია” – პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

“მორიგი დეზინფორმაციის კამპანია” – პირველი არხი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს პირველი არხი ჟურნალისტური რესურსცენტრის მიერ მომზადებულ ფილმს „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ აფასებს, როგორც არხის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის მორიგ ეპიზოდს, რასაც დაჟინებით ეწევა ადამიანთა ერთი ჯგუფი და რის შესახებაც უკვე არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე გვაქვს პირველი არხის, მისი საქმიანობის შესახებ ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯება და მათი ინტერპრეტაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მსგავსი შინაარსის პროდუქცია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას.

ფილმი აგებულია სრულიად დაუსაბუთებელ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ვარაუდებსა, ასევე გაყალბებულ ფაქტებზე და ფილმის ავტორები მათზე დაყრდნობით აკეთებენ სრულიად ალოგიკურ და მთლიანად ტყუილის შემცველ დასკვნებს. იმდენად აშკარაა ავტორთა სურვილი და მცდელობა, რომ მაყურებელს გაყალბებული და მათ მიერვე მოდელირებული რეალობა წარუდგინონ, რომ ამის ახსნა მხოლოდ არაპროფესიონალიზმით შეუძლებელია.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ფილმი მომზადებულია არა მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტების უგულებელყოფით, არამედ სამართლებრივი ნორმების დარღვევით, რისი დეტალურად განხილვაც გვსურს წარვუდგინოთ საზოგადოებას:

  • დეზინფორმაცია – საზოგადოებრივ მაუწყებელს მოეხსნა სპონსორობაზე შეზღუდვა და გაუთანაბრდა კერძო კომპანიებს, ასევე გაორმაგდა კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი დრო და მაუწყებელს მიეცა უფლება ყოველ საათში 12 წუთის რეკლამა განათავსოს.
  • სიმართლე – პირველ არხს უფლება მიეცა, არასაუკეთესო დროს ყოველ საათში განათავსოს მხოლოდ 3 წუთის რეკლამა. რაც შეეხება სპონსორობას, მაუწყებელი  უფლებამოსილია, გაყიდოს მხოლოდ გასართობი გადაცემების, სერიალების და მხატვრული ფილმების სპონსორობა.
  • დეზინფორმაცია – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამა გადიოდა მხატვრული ფილმების, „მოამბის“ და სხვა გადაცემების ჭრებში.
  • სიმართლე – საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ არც ერთი გამოშვება არ იჭრება, შესაბამისად, „მოამბეს“ ჭრა არ აქვს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კომერციული რეკლამა არც ერთ სარეკლამო ბლოკში არ განთავსებულა.
  • დეზინფორმაცია – საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ანგარიშებში არხის სარეკლამო შემოსავლების სხვადასხვა ციფრია ასახული.
  • სიმართლე – ფილმში ერთმანეთთან შედარებულია აბსოლუტურად სხვადასხვა პერიოდისა და მომსახურების მონაცემები. საუბარია კონკრეტული რიცხვის/თარიღის ან/და პერიოდის მდგომარეობით ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალზე და დაკონტრაქტებულ სახელშეკრულებო ღირებულებაზე, რომლის გადახდა შესაძლებელია წლის ბოლომდეც იყოს გადანაწილებული და აისახება რომელიმე კონკრეტული კვარტლის ან/და სხვა პერიოდის შემოსავლის ჯამურ თანხაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად ასახავს ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესაბამის ვებპორტალზე, რაც თავად კომისიის მონიტორინგის და დაკვირვების საგანია.
  • დეზინფორმაცია – 2018 წელს რეკლამის განთავსების ნაწილში კანონში განხორციელებული ცვლილებებით ზიანი მიადგა რეგიონულ მაუწყებლებს.
  • სიმართლე – 2018 წელს მაუწყებელს სარეკლამო განთავსების არც ერთი კონტრაქტი არ დაუდია. განხორციელდა მხოლოდ რამდენიმე ე.წ. პროდაქტ ფლეისმენტი დეკემბრიდან და რამდენიმე საბარტერო კონტრაქტი სექტემბრიდან. შესაბამისად, პირველი არხის სარეკლამო გაყიდვები გავლენას ვერ მოახდენდა სარეკლამო ბაზარზე.
  • დარღვეულია ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის მიმართ არსებული მოთხოვნები. ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ამგვარი მეთოდით მოპოვებული მასალის რედაქტირება, კონტექსტიდან ამოღებული ფრაზებით მანიპულირება, რასაც ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთან ექსპერიმენტის მონაწილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შემთხვევაში.

სამწუხაროდ, ეს დეზინფორმაციის მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. სიტყვისა და გამოხატვის უფლების უპირობო აღიარებისა და პატივისცემის გათვალისწინებით, საქართველოს პირველი არხი ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს პროფესიული რეპუტაციის დასაცავად. შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნევთ, პირველ რიგში, საჩივრით მივმართოთ ფილმის ავტორ ორგანიზაციას, რომ ფაქტობრივი შეცდომები შეასწოროს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით აცნობოს ამის შესახებ საზოგადოებას.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ვებ-გვერდზე სრულად, რედაქტირების გარეშე დაიდოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩაწერილი ყველა ინტერვიუ, რომლის დამონტაჟების შედეგად დამახინჯდა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა კონტექსტი და შინაარსი.

გამომდინარე იქიდან, რომ ფილმში წარმოდგენილი ბრალდებები ეხება საზოგადოების კუთვნილი ფინანსების განკარგვის თემას და შეიცავს სისხლის სამართლებრივ შინაარსს, მოვითხოვთ მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მარეგულირებელმა კომისიამ, ვისაც უშუალოდ და პირდაპირ ეხება მაუწყებლის სარეკლამო საქმიანობის კონტროლი, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში შეისწავლონ ფილმში გამოთქმული ბრალდებების მართლზომიერება და გამოხატონ მკაფიო პოზიცია.

ასევე მივმართავთ და ვთხოვთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომლის დაფინანსებითაც მომზადდა აღნიშნული ფილმი, რომ მონიტორინგი გაუწიოს ბრალდებების განხილვის პროცესს, ვინაიდან საქმე გვაქვს ორგანიზაციის და ადამიანების რეპუტაციის განზრახ შელახვის მცდელობასთან”, – აღნიშნულია განცხადებაში და თან ურთავენ ფილმის ლინკს.

გთხოვთ, იხილოთ ფილმში წუთობრივად ასახული უზუსტობების სრული ნუსხა (ცხრა გვერდი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად