მომხრე 117, წინააღმდეგი 174 – მაგდალენა ანდერსონი შვედეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია

შვედეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის პოსტზე სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონის კანდიდატურას უყარა კენჭი

შვედეთის მთავრობის მეთაურად მაგდალენა ანდერსონის არჩევას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, თავი 57-მა შეიკავა, ხოლო 174 წინააღმდეგი იყო. 1 დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სოციალ-დემოკრატების ლიდერის მთავრობის პოსტზე არჩევის მოწინააღმდეგეებს მისი კანდიდატურის ჩასაგდებად 1 ხმა დააკლდათ (შვედეთის პარლამენტში არსებული კანონის თანახმად, კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ მისი მოწინააღმდეგეების რაოდენობა 50%-ზე მეტია) და შვედეთის ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა.

კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსულმა დეპუტატებმა გაიხსენეს, რომ 100 წლის შემოღებული საყოველთაო და თანასწორი სარჩევნო უფლების მიუხედავად შვედეთს ქალი პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია და ემოციურად მოუწოდეს სხვა დეპუტატებს მაგდალენა ანდერსონის მხარდაჭერისკენ.

ის, რაც არასდროს არ იყო ჩემ ახალგაზრდობაში, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იქნება ჩემი ქალიშვილისთვის, – განაცხადა 1985 წელს დაბადებულმა, 80-იან წლების დასაწყისში შვედეთში ჩასული ირანელი ლტოლვილების ქალიშვილმა, გეტებორგში გაზრდილმა, სტოკჰოლმის უნივერსიტეტდამთავრებულმა, ამჟამად მემარცხენე პარტიის ლიდერმა, ნუში დადგოსტარმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ნუში დადგოსტარის მცდელობის შედეგი იყო პრემიერ-მინისტრ შტეფან ლიოფვენისთვის უნდობლობის გამოცხადება, რასაც საბოლოო ჯამში სოციალ-დემოკრატების პარტიის თავმჯდომარეობაზე უარის თქმა და მის ნაცვლად მაგდალენა ანდერსონის არჩევა მოჰყვა.

შვედეთის პრესა ყურადღების მიღმა არ ტოვებს იმ ფაქტს, რომ ნუში დადგოსტარის სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს თვალზე ცრემლი მოადგა.

კომენტარები
იტვირთება...