მოკლული ლაშა მახარაძის დედა ოქროპირიძეს ნაფიც მსაჯულზე ზეწოლაში ადანაშაულებს

2014 წლის 2 სექტემბერს მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დედებულიძე "იმედის" ეთერით მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

"ვესწრებოდი ყველა სხდომას, იქ შევნიშნეთ ჩვენ რიგი დარღვევები. კერძოდ იყო ნაფიც მსაჯულზე ზეწოლა, ერთზე ზუსტად დავაფიქსირეთ, მოვახსენეთ მოსამართლეს. აღმოვაჩინეთ ნაფიცი მსაჯული, რომლის ახლო ნათესავს და ოქროპირიძეს ერთი და იგივე ადვოკატი იცავს, მსაჯული განწყობილი იყო გიორგი ოქროპირიძის სასარგებლოდ. ეს მოსამართლე ეკა არეშიძეს ვაცნობეთ, ვთხოვეთ რომ აერიდებინა ნაფიცი მსაჯული.

ეს ხალხი ვინც ჩემს გვერდითაა, არის ყველა მოწმე… არ ვართ ესეთი ბოროტი ხალხი და ვინმეს დავაბრალოთ ასეთი მძიმე დანაშაული. სახელმწიფომ უნდა გამოყოს რაღაც ბერკეტი… მივმართავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, გაგვიწიოს შუამდგომლობა და მოითხოვოს ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ფორმატის გაუქმება და ეს საქმე განიხილოს მოსამართლემ",-განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე მკვლელობიდან რამდენიმე დღეში საქართველოს, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს, მას წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა. პროკურატურის ვერსიით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

12 ივნისს მას წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება. 4 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება საქმეზე ვერ მიიღეს, ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობა 10 ივნისს უნდა გახდეს ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად