„მოხერხდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის 1 იანვარს ამოქმედება, დღესაც გაურკვეველია“ – გიორგი კაპანაძე

„თვეზე მეტია გასული საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟის მიერ 6 თვის ანგარიშის გამოქვეყნებიდან და დღემდე ეს, სამწუხაროდ, ბირჟის მნიშვნელოვანი საჯარო აქტივობებიდან უკანასკნელია. საზოგადოებას კი არც ახლა აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – მოხერხდება თუ არა დაანონსებულ ვადაში, ანუ 2022 წლის 1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. ბირჟის ხელმძღვანელობა არც იმას თვლის საჭიროდ, რომ საზოგადოებას ის დაგეგმილი სამუშაოები გააცნოს, რაც წესით და რიგით გაწერილი უნდა ჰქონდეს დარჩენილი პერიოდისთვის“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბირჟის ხელმძღვანელობის სიჩუმე არ არის კარგის მომასწავებელი და ამძაფრებს მოლოდინს, რომ საჭირო გახდება ბირჟის ამოქმედების მათ მიერვე დათქმული ახალი თარიღის კიდევ ერთხელ გადავადება.
„ჩვენ ორგანიზაციას იმთავითვე მიაჩნდა, რომ 1 იანვარს, ანუ დეფიციტის პიკის პირობებში, როცა ბაზარზე პრაქტიკულად მხოლოდ იმპორტიორები ოპერირებენ, ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, რბილად რომ ითქვას, მორიგი შეცდომა იქნება, მაგრამ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ დრო გადის და ბირჟის მესვეურთაგან არაფერი ისმის იმის შესახებ, მართლა ახერხებენ თუ არა ისინი მათ მიერვე დათქმული ახალი ვადის დაცვას და უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასკვნითი ფაზის რეალურად დაწყებას.
ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის, ისე საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. პირდაპირ ვიტყვი – ამ ვადის ხარისხიანად დაცვაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ბირჟის ხელმძღვანელების პროფესიული რეპუტაცია. თუ მათ კვლავ მოუხდათ რეფორმის გადადება, ან თუ ბირჟა გაეშვა და მან ხარვეზებით დაიწყო მუშაობა, ეს უკვე ნამდვილად აღიქმება, როგორც ჩავარდნა, რაც აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს ელექტროენერგეტიკულ სექტორს და რეფორმიდან გამომდინარე პოზიტიურ მოლოდინებს“, – განმარტა კაპანაძემ.
აფბას ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბირჟის მენეჯმენტის საქმიანობა არ ხასიათდება საჯაროობის სათანადო ხარისხით და ეს გაუმჭვირვალობა მისდამი სანდოობაზე ნეგატიურად მოქმედებს. „მინდა, კითხვის ნიშნების მოხსნის და საკითხში ბუნდოვანების გასაფანტად, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბირჟის მენეჯმენტს, სექტემბრის თვიდან მაინც მოახერხოს და წარმოადგინოს მისი მხრიდან დაგეგმილი სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, რათა შესაძლებელი გახდეს პროგნოზი, თუ რამდენად რეალისტურია ივნისში გაკეთებული განცხადება, 1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ენერგობაზრის ლიბერალიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ენერგეტიკული ბირჟის 2020 წლის 1 ივლისს სრულფასოვნად ამოქმედება, ანუ საათობრივი ვაჭრობის დაწყება. 2020 წლის მაისის ბოლოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან საჯაროდ გამოთქმული ეჭვის შემდეგ, რომ ბირჟა დათქმულ ვადაში ვერ ამოქმედდებოდა, ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, ბირჟის ამოქმედების გადავადების გადაწყვეტილების შესახებ. ახალ ვადად 2022 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. არასამთავრობო სექტორის ნაწილს, კერძოდ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“, მიაჩნია, რომ ეს ვერც ამ ვადაში მოხერხდება, რამდენადაც საამისოდ, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ მოემზადება ბაზრის პოტენციური მონაწილეების, ადგილობრივი გენერაციის ობიექტების, უმეტესობა. მხოლოდ იმპორტიორებისთვის კი, რამდენადაც ზამთარში ქვეყანა დიდწილად იმპორტირებულ დენს მოიხმარს, ბირჟის ამოქმედება, აფბას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ორგანიზაციაში თვლიამ, რომ სხვა მიზეზეთან ერთად, ამ დროს უკიდურესად იზრდება ბაზარზე არაჯასაღი მანიპულირების შესაძლებლობის რისკი.

კომენტარები
იტვირთება...