“მოიპოვება სულ მცირე ერთი ცნობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლებებმა მკვლელობა ჩაიდინეს”

ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს წარუდგენს.

“მოიპოვება სულ მცირე ერთი ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლებებმა ერთი თვითნებური თუ უკანონო მკვლელობა ჩაიდინეს.

თებერვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ეთნიკურად ქართველი ყოფილი ჯარისკაცი არჩილ ტატუნაშვილი დააკავა. ტატუნაშვილი პატიმრობაში გარდაიცვალა. თავიდან დე ფაქტო მთავრობამ მისი ნეშტის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა მარტში მიცვალებული საქართველოს მთავრობას მაინც გადაეცა. გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ორგანოები ამოცლილი იყო, რის საფუძველზეც მთავრობამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი ნაწამები იყო.

ივნისში მთავრობამ შეადგინა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელსაც სახელი ტატუნაშვილის და კიდევ ერთი მოქალაქის, 2016 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, გვარების მიხედვით დაერქვა. სიაში ჩამოთვლილია ადამიანის უფლებების სავარაუდო დამრღვევი 33 პირი, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების წინააღმდეგ სერიოზულ დანაშაულებებში ედებათ ბრალი. მთავრობამ ამ 33 პირს დაუწესა სანქციები, რომლებიც მათ ფინანსებზე, ქონებასა და გადაადგილებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.” – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...