მოგზაურობა თელავის ისტორიულ მუზეუმში – რეაბილიტირებული სამუზეუმო კომპლექსი და ექსპონატები საოცარი ისტორიებით

თელავი რომ ერეკლე მეფის სატახტო ქალაქია, ყველამ ვიცით…

ისიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენამდე ერთადერთი მეფის სასახლეა შემორჩენილი…

თუმცა, თელავში მდებარე კომპლექსი ერეკლე მეორის სასახლის გარდა, არჩილის კოშკს, კარის ეკლესიებს, აბანოს და თელავის ისტორიული მუზუმის შენობასაც მოიცავს.მეფის რეზიდენციას კი ქალაქის თანამედროვეობისგან გალავანი ჰყოფს.

მუზეუმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კომპლექსი, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე და გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, სრული დატვირთვით მუშაობს და ყოველდღიურად არაერთ დამთვალიერებელს მასპინძლობს.

რა ექსპონატებია დაცული თელავის ისტორიულ მუზეუმში, მეფის ნაქონი რომელი ნივთების ნახვა შეგიძლიათ ერეკლეს სამეფო რეზიდენციაში, რა ისტორია გადახდა თავს მეფის ხმალს, რომლითაც ერეკლე მეორემ ასპინძის ბრძოლა მოიგო, ამ და სხვა საინტერესო დეტალებს ,,აიპრესის,, ინტერვიუდან შეიტყობთ.

გურამ ურჩუხიშვილი, თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი:

ბ-ნო გურამ, რეაბილიტაციის შემდგომ რა შეიცვალა სამუზეუმო კომპლექსის ყოველდღიურობაში, რამდენად იმატა ტურისტების ნაკადმა, ხშირად თუ გსტუმრობენ საქართველოს კუთხეებიდანაც?

რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმს, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეემატა. პირველ რიგში, შეიძლება ითქვას, რომ საგამოფენო სივრცეებია ძალიან ლამაზი. სპეციალისტი იყო ძალიან ძლიერი, ვინც ამ საკითხზე იმუშავა და საყოველთაო მოწონებას იმსახურებს ყველასგან, ვინ კი შემოდის ჩვენთან.
უფრო შთამბეჭდავია ეთნოგრაფიის დარბაზი, ძალიან კარგად არის ექსპონატების განლაგება გაკეთებული, შთამბეჭდავია განათება და ეს ყველაფერი ერთად აღებული, დამთავლიერებელში დიდ შთაბეჭდილებას ქმნის.
რაც შეეხება ვიზიტორებს, მაინცდამაინც ისე არ შეგვტყობია სიმცირე, როგორი პროგნოზებიც რუსეთიდან ფრენების შეწყვეტის შემდეგ კეთდებოდა. იმატა აღმოსავლეთ ევროპიდან ვიზიტორებმა, პოსტსაბჭოთა სივრციდან მოდიან. უკრაინელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსებიც მოდიან.


შეიძლება ითქვას, რომ ძველსა და რეაბილიტირებულ მუზეუმს შორის ვიზიტორთა კუთხით განსხავავება ის არის, რომ მაშინ რატომღაც ე.წ. მკვდარ თვეებში, ზამთარში, გვიან შემოდგომაზე, ადრე გაზაფხულზე თითქმის არ იყო ხოლმე ნაკადი და ახლა არ იგრძნობა ისეთი წყვეტა სეზონსა და მკვდარ თვეებს შორის, როგორიც მაშინ იყო ხოლმე.
თვითონ მუზეუმი უფრო საინტერესო გახდა როგორც არქიტექტურული სტილით, ისე საექსპოზიციო დარბაზებით.
ყველაზე ხშირად საქართველოს რომელი კუთხეებიდან ჩამოდიან დამთვალიერებლები ?

დედაქალაქიდან მოდიან ხოლმე ხშირად, დასავლეთ საქართველოდანაც გვსტუმრობენ. ეხლა შემოდგომაზე დაიწყება ბავშვების ნაკადი. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია ხოლმე რომ ბავშვები მოვიდნენ. იმიტომ რომ, ისტორია ბავშვის ფსიქოლოგიაზე ძალიან კარგად აღიქმება, კარგად ამახსოვრდება ბავშვს. ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს, ,,რაც ერთხელ ცხოველად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემისო,, და მართალია. მე მაგალითად, ბავშვობაში რაც მინახავს, ეს შთაბეჭდილებები გაუხუნარია და ეს ყველაფერი ბავშვის ფსიქიკაზე ძალაინ კარგად მოქმედებს. მითუმეტეს, რომ ერთი სამეფო რეზიდენცია არის ჩვენთან და მისი ნახვა, ერეკლეს ცხოვრების გაცნობა, ეს ბავშვებისთვის ფილმს წააგავს, ძალიან აინტერესებთ ხოლმე ბავშვებს და ემოციებით დატვირთულები მიდიან.

– სამუზეუმო კომპლექსი რამდენ სივრცეს აერთიანებს?

რაც დარჩა რეაბილიტაციის შემდეგ, მე იმაზე გავამახვილებ ყურადღებას. ფაქტიურად ძველი დარჩა, ანუ აღმოსავლეთი მხარე, სადაც სამეფო რეზიდენცია და მისი შემოგარენია, ხოლო აქეთ, გამყოფი კედლის დასავლეთით დარჩა ფაქტიურად ახალი შენობა, სადაც ეთნოგრაფია და სამხატვრო გალერია არის განთავსებული, ორი სივრცეა აქ ექსპოზიციებისთვის. დასავლეთის მხარე დარჩა როგორც ნაკრძალი, თავისი ავთენტურობით. სასახლე, შემდეგ არჩილის კოშკი, გვაქვს ორი ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია და შემდგომში უკვე მოზრდილი ეკლესია, რომელიც იყო ერეკლეს კარის ეკლესია. აქვე არის ერეკლეს აბანო. მართალია, ახლა აბანო არ არის ისე სრულყოფილი, თუმცა არის პროექცია, რომ ამის რესტავრაცია უნდა ჩატარდეს.
რესტავრაციას უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, როგორც ორივე ეკლესიის, ასევე აბანოსი.
აბანო ძალიან საინტერესოა, ერთი პატარა ოთახიღაა დარჩენილი, სადაც ავზია მოთავსებული. კედელში იყო ჩაშენებული ქურა, საიდანაც ცხელი წყალი გამოდიოდა და აუცილებლად იქნებოდა დამატებითი ოთახებიც, ვიდრე მეფე შევიდოდა აბანოში და ეს უნდა აღდგეს და გაკეთდეს ძალიან ლამაზად.
აღნიშნული აბანო ტიპიური მე-18_მე-19 საუკუნის შენობის სტილშია, ისეთი როგორიც თბილისშიც გვხვდება. მაშინ ასეთი აღმოსავლური სტილი იყო დამკვიდრებული და ასეთნაირად არის გაკეთებული.

მთავარი, ეს არის მეფის სასახლე, რომლის რეაბილიტაცია მოხდა ისე, რომ ფაქტიურად არ შეხებიან იმ სიძველეს, რაც იყო. სიძველეები ზუსტად ისე დარჩა, როგორც ივარაუდებოდა. მოგეხსენებათ, ეს არის აღმოსავლური სტილი. იმ დროში დიდი იყო ირანის გავლენა ნებისმიერ სფეროში და მათ შორის არქიტექტურაშიც და ეს იყო ირანული სტილით გაკეთებული სასახლე, ფერადი ვიტრაჟებით, თაღოვანი კამარებით, შეისრული ჭერებით და ა.შ. და ამ სახითვე გაკეთდა ახლაც.

თავიდან ვხედავდი პროექტში, რომ რაღაც დამატებები უნდოდათ, მაგრამ ემ ვფიქრობ, რომ კარგია რომ გადაიფიქრეს და ზუსტად პირვანდელი სახით დარჩა. როდესაც ეს შენობა აშენდა მე-17 საუკუნის 60-იან წლებში, ეს აბსოლიტურად იყო იმ სტილში, როგორც იყო მაგალითად, ასპაჰანში, შემდგომში კი ერეკლემ გადააკეთა, თავდაცვის მიზნით მეფემ გამორიცხა აივნები და სასახლე გახდა ორსართულიანი შენობა, ერთი ციტადელი რომ წარმოიდგინოთ, ასეთი ციხესიმაგრის ფორმა აქვს მიცემული. ანუ ქართული ელემენტები შეიტანა ერეკლემ, პირველ რიგში ამ ცვლილებაში ნაკარნახევი იყო ის, რომ სიმაგრე უნდა ყოფილიყო სასახლის შენობა. იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ პირველ ბარიერს, ქონგურებიან კედელს გადმოლახავდა მტერი, აქ მეორე უნდა დახვედროდა, რისი აღებაც უკვე ძნელი იქნებოდა.

რეაბილიტაციის შემდგომ, კომპლექსის გახსნის წინ მინდოდა, რომ მეფის მემორიალური ნივთები მეტი ყოფილიყო, მაგრამ დღესდღეობით მეფის ნაქონი ნივთები ეროვნულ მუზეუმშია დაცული და ჩვენი ექსპონატები საკმაოდ მწირია. თვითონ სასახლეა მთლიანად ექსპონატი, ეს ჩვენი უდიდესი სიმდიდრე და სიამაყეა.

_ თუმცა, ცნობილია რომ სწორედ მეფის სასახლეშია დაცული ერეკლეს ნაქონი ხმალი, რომლითაც ასპინძის ბრძოლაში იბრძოდა. კიდევ რას ნახავს დამთვალიერებელი სახელოვანი მეფის რეზიდენციაში სტუმრობისას?

_ რომ ვთქვა, რომ სასახლეში ყველაფერი ორიგინალია, ასე არ არის. იქ არის იმპერატრიცას ნაჩუქარი საათი, რომელიც ორიგინალია, ასვე სახარება, სათვალე. ასევე ერთ-ერთი გრძელლულიანი თოფია მეფის ორიგინალი. დანარჩენი ნივთები კი აღებულია იმ ეპოქის. ზოგიერთი ნივთი მაგალითად არის მე-19 საუკუნის, რომელსაც ცვლილება არ განუცდია მე-18 საუკუნიდან და დასაშვებია რომ იქ იდგეს, ვინაიდან ისეთივე ავეჯი იყო ვთქვათ მე-18 საუკუნეშიც.
რაც შეეხება ხმალს, სასახლეში დაცულია ორი ხმალი, ერთი არის ასლი ხმლის, რომელიც ერეკლე მეფეს ნადირ შაჰმა აჩუქა, ორიგინალი ეროვნულ მუზეუმში ინახება, მეორე კი გვაქვს ორიგინალი ხმალი, რომლითაც გადმოცემის მიხედვით ერეკლემ მოიგო ასპინძის ბრძოლა.

ცნობილია, რომ ეს ხმალი ბრძოლის შემდეგ აჩუქა თავის სიმამრს, ოტია დადიანს და მოხდა ისე, რომ ეს ხმალი მოხვდა გურიაში. ამ ფაქტს წინ პატარა ისტორია უძღვის. დადიანების შთამომავლები ხმალს, როგორც რელიქვიას ისე ინახავდნენ და 1844 წელს, გურიის აჯანყების დროს, გურიის მთავარმა სამეგრელოს მთავარს სთხოვა დახმარება. მანაც არ დააყოვნა, შეყარა ჯარი და წავიდა გურიაში. თუ სწორად მახსოვს, გურიის აჯანყებას ხელმძღვანელობდა გვარად ბაქრაძე, როდესაც სამეგრელოს წარმომადგენლები მოადგნენ მალთაყვას, სადაც ბრძოლა უნდა გამართულიყო, იქ მეგრელმა გლეხებმა გაიგეს რომ გურულ გლეხებთან უნდა ჰქონოდათ ბრძოლა და ფაქტიურად არ ისურვეს რომ ქართველს ქართველის სისხლი დაეღვარა, უარი უთხრეს ოტია დადიანს, ოტია ამაყი იყო დაიტოვა რამოდენიმე თავადი და უკან არ დაიხია. გურიის გლეხებმა გაიმარჯვეს ბრძოლაჳ, დამარცხებულებს იარაღი აჰყარეს და მათ შორის აღმოჩნდა ერეკლეს ხმალიც, ეს ხმალი წილად ხვდა სწორედ ბაქრაძეს. გამოხდა ხანი და 1939 წელს, კომუნისტური წყობა იყო უკვე დამყარებული, როდესაც ბაქრაძის შთამომავალმა ოზურგეთის მუზეუმში მიიტანა ხმალი. ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, თავის მხრივ პრეტენზია გამოთქვა ზუგდიდის მუზეუმმაც და თელავის მუზეუმმაც, როგორ გადაწყდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ბედმა გაგვიღიმა. ხმალი, რომლითაც ბრწყინვალე ბრძოლა ჩაატარა ერეკლე მეფემ, ჩემთან არის დაცული, მე ვიტყოდი ასპინძის ბრძოლა ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული, საოცარი გონივრულბით მოიგო ერეკლემ ეს ბრძოლა.

– ერეკლე მეფის კუთვნილი რომელი ნივთებია დაცული ეროვნულ მუზეუმში და ხომ არ იგეგმება ამ ექსპონატების თელავის ისტორიული მუზეუმისთვის გადმოცემა?

სია ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ბევრი ნივთი რომ არის, ვიცი. არის მაგალითად, მეფის საოჯახო ნივთები. გადმოცემა ცოტა რთული საქმეა, ძნელია მუზეუმი შეელიოს ასეთ ძვირფას ექსპონატებს. როდესაც რეაბილიტაცია დამთავრდა, ჩვენ შემდგომ ვთხოვეთ კულტურის სამინისტროს, მაგრამ ეროვნული მუზეუმის დირექციას ჰქონდა მოყვანილი არგუმენტები, რომ ვერ გადმოგვცემდა ამ ექსპონატებს. თუმცა რაც გვაქვს, იმას სათანადოდ ვუვლით.

– არჩილის კოშკის შესახებ რა ინფორმაციაა ჩვენადე მოსული?

არჩილის კოშკი ძალიან წააგავს გრემის კოშკს, მთის კოშკს წააგავს,თუშეთში რომ გვინახავს კოშკები, მაშინ სტილი იყო ასეთი. თავდაპირვალად ამ კოშკში შევიდა მეფე ერეკლე, იმიტომ რომ მაშინ აქ სხვა ადგილი არ იყო რომ შესულიყო. მოგეხსენებათ, ქართველი მეფეები დიდ სიმდიდრეს არ დაგიდევდნენ, მთავარი მიზანი იყო ქვეყნისთვის ბრძოლა. იმდენად დიდი იყო მაშინ შემოსევები და ფიზიკურად გადარჩენის მცდელობა, რომ მეათეხარისხოვანი იყო კომფორტზე ფიქრი.
სწორედ არჩილის კოშკს მიება გალავანი და დაიწყო მშენებლობის პროცესი.
აშკარაა რომ სტრატეგიულად აარჩიეს ეს ადგილი, ვინაიდან შაჰ აბასის სამი შემოსევის შემდეგ ალაზნის მარცხენა სანაპირო მთლიანად განადგურდა. გრემმა, როგორც სამეფო ქალაქმა დაკარგა თავისი ფუნქცია და გადაწყვიტეს რომ ახალი სტრატეგიული ადგილი ეპოვათ და შეარჩიეს ეს საოცრად ლამაზი ადგილი. ჩრდილოეთის ფერდობზე ვაკიდან იწყებოდა ციცაბო და სამი მხრიდან კი უკვე ბუნებრივი გალავანი შემოერტყა ამ ადგილს და თითქმის სამ ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. შუაში გამყოფი კედელია, რომელიც გამიჯნავდა მეფის სახლს სახიზარისაგან. ამხელა გალავანი მხოლოდ მეფისთვის არ იყო აშენებული, ეს იყო ქალაქის თავდაცვის პუნქტი, რომ შემოსევის დროს შემოსულიყო ხალხი და თავი დაეცვა. გამყოფი კედლის სწორედ ამ მხარეს, სადაც ხალხი შემოიხიზნებოდა ხოლმე, სახიზარი დაარქვეს. ასე, რომ ბატონის ციხის გალავანს ძალიან დიდი დანიშნულება ჰქონდა

– რამდენიმე წლის წინ იყო გალავანიდან ქვის ცვენის შემთხვევები. თუ ჩატარდა გალავნის გამაგრების სამუშაოები და რამდენად უსაფრთხოა ახლა ბატონის ციხის გალავანი?

ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო მდგომარეობაა ახლა. ქალაქის რეაბილიტაცია რომ ჩატარდა, მაშინ ჩაუტარდა გალავანსაც გამაგრებითი სამუშაოები. მე მახსოვს, რომ ე.წ. ძველი ბაღის ტერიტორიაზე გალავნის კედლებიდან ქვათაცვენაც იყო ხოლმე და შემაგრადა კარგად, არქიტექტორებმა იმუშავეს, გაამაგრეს და დღესდღეობით გალავანი იმ მდგომარეობაშია, რომ ალბათ ათწლეულებს კიდევ გაუძლებს.

ახალ მუზეუმზე მინდა, რომ ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ახალი მუზეუმი შეიძლება ასე ითქვას, რომ ყველას მოწონებას იმსახურებს. როგორც კი შევლენ მუზეუმში, პანდუსზე დაეშვებიან და ეთნოგრაფიის საგამოფენო სივრცე გადაიშლება წინ, გაჩერდებიან ხოლმე ჯერ და უყურებენ, იმხელა ეფექტს იძლევა ეს. პირველად როცა გაიხსნა და თელავის მოსახლეობა შევიდა, ზოგმა მითხრა რომ გვგონია, სხვა ქალაქში ვართო, იმდენად უცხო იყო ეს სტილი. სარდაფის ტიპის შენობა რომ არის, აქ განათება იძლევა ძალიან დიდ ეფექტს. როდესაც ექსპოზიციების მოწყობა მიმდინარეობდა, ჩამობრძანდა ლევან მუშკუდიანი, ასევე ვახტანგ ხოშტარია. რომ გამოვიტანეთ გამოსაფენი ექსპონატები, აღფრთოვანებული იყო, რომ ეროვნულ მუზუმსაც არ აქვს ბევრი რამ, რასაც აქ ვხედავო. საუკეთესო ექსპონატები აქვს თელავის მუზეუმს.

– ქეთევან იაშვილის კოლექციაც სწორედ თელავის ისტორიულ მუზეუმშია დაცული, ცნობილი მხატვრების რამდენი ორიგინალი ნამუშევარი ინახება მუზეუმში?

ქეთევანის კოლექციიდან ერთი დარბაზი მთლიანად არის შევსებული და მეორე დარბაზის ორი მესამედიც მის კოლექციას ეთმობა. ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს, აქ არის ევროპული სკოლა, ჰოლანდიური, ფრანგული, რუსული სკოლა. არის ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც, როგორებიც იყვნენ გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი. ფაქტიურად ის რაც კარგია და ღირებულია, ყველაფერი გამოფენილი გვაქვს და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თითქმის ორი იმდენი კიდევ საცავში გვაქვს ქართველ მხატვართა და სხვათა ნახატები.

– როგორ პირობებში ინახება საცავში დაცული ექსპონატები?

ეხლა გავაკეთეთ ახალი საცავი ექსპონატების. ეს საცავი მთლიანად შეესაბამება თანამდეროვე მოთხოვნებს, დაცულია კლიმატკონტროლი, ტემპერატურული რეჟიმები და ყველა პირობაა შექმნილი ექსპონატების უსაფრთხოდ შენახვისათვის. ექსპონატებს შორის ყველაზე ფაქიზი მხატვრული ტილოა და მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ასეთი კარგი პირობები ჯერ არ ჰქონია თელავის მუზეუმს, რაც ძალიან გვახარებს

– რა თანხის გადახდა უწევს დამთვალიერებელს სრული სამუზეუმო კომპლექსის მონახულებისთვის და თუ სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით საზოგადოების სხვადასხვა ფენები?

ფასები ასეთნაირია, ზრდასრული ადამიანი იხდის 5 ლარს სასახლის, ეთნოგრაფიული ნაწილის და სამხატვრო გალერეის დათვალიერებაში, სტუდენტი მოსწავლე და პენსიონერი 1 ლარი, საექსკურსიო მომსახურება კი 18 ლარი ჯდება. მუზეუმი მხოლოდ ორშაბათს ისვენებს, სამუშაო საათები 10:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა.

სტატიის ავტორი ნათია ნანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად