„მოღალატე, არაკაცო, გადი აქედან” – ბათუმის საკრებულოს სხდომამდე ხმაური იყო

საკრებულოს სხდომამდე ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით ლევან ანთაძის ბრიფინგი იყო ჩანიშნული. მოგვიანებით კი, საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარდეს.

ბრიფინგის მიმდინარეობისას, საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე მივიდა. ეს ის დეპუტატია, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი აქვს და ის წესით იზოლაციაში უნდა იმყოფებოდეს. თავართქილაძე განმარტავს, რომ მეუღლის კონტაქტი არ ჰქონია.
“მოღალატე, არაკაცო, გადი აქედან”, – ასე მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა თავართქილაძეს.

ოპოზიცია მის შენობიდან გაყვანას ითხოვდა. თავართქილაძემ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მას კონტაქტი მეუღლესთან ინფიცირებამდე ჰქონდა, კორონავირუსის დადგენის შემედეგ კი ის იზოლაციაში გადავიდა, თავად დღესაც გაიტესტსა და უარყოფითი პასუხის მერე გადაწყვიტა, რომ სხდომაზე მისულიყო.
მოგვიანებით, რაულ თავართქილაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და მედია პერსონალური ინფორმაციის გახმოვანებასა და სიცრუეში დაადანაშაულა.

„არ გახლავართ კოვიდინფიცირებული, არც კონტაქტი და არც თვითიზოლაციის ვალდებულება მაქვს!
კიდევ ერთი მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა TV პირველისგან. ეთერში გასული ინფორმაციით, თურმე კოვიდინფირებული ვყოფილვარ, რაც არის მტკნარი სიცრუე.

ჩატარებული ტესტის თანახმად ვარ კოვიდუარყოფითი. კოვიდინფიცირებულია ჩემი მეუღლე, რომელიც რამდენიმე დღეა იმყოფება კოვიდსასტუმროში. ქალაქში არ ყოფნის გამო მეუღლეს 12 დღეა რაც არ შევხვედრივარ. ეს არის ამ მედიასაშუალების მორიგი ტყუილი, რისი დადასტურებაც ძალიან ადვილია ჩემი მეუღლის სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით.
აქვს კი მედიასაშუალებას უფლება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკოს და თანაც სიცრუე?“ – ნათქვამია რაულ თავართქილაძის ფეისბუქ პოსტში.

კომენტარები
იტვირთება...