მოძრაობა “ყვითელი ჟილეტები” საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს

მოძრაობა “ყვითელი ჟილეტები ” მიმდინარე კვირის ბოლოს საფრანგეთში საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა The Local ავრცელებს.

“ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ პარიზში მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შემოუერთდნენ … რაც შეეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, თანხის შეგროვება კარგია, მაგრამ 140 ათასი უსახლკარო ადამიანი არავის აინტერესებს!”,-ნათქვამია Facebook- ზე გავრცელებულ განცხადებაში, რომლის სახელწოდებაა “უტიმატუმი 2”.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ანტი-სამთავრობო მოძრაობის წევრმა “ყვითელ ჟილეტებს” აქციის გაუქმება სთხოვა, ისინი დათმობას კვლავ არ აპირებენ.

“ყვითელი ჟილეტების” ზოგიერთი წარმომადგენელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში სარემონტო სამუშაოებისთვის სოლიდური თანხების გამოყოფითაა აღშფოთებული. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თანხების ნაწილი მოსახლეობას მოხმარებოდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფ კასტანერის განცხადებით, ამ შაბათს საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ნორმებს დაახლოებით 60 ათასი პოლიციელი და ჟანდარმერი დაიცავს. მინისტრის განმარტებით, ისინი საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში წესრიგს უზრუნველყოფენ.

საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების”  საპროტესტო აქციები 2018 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად, ისინი ფასების ზრდას და გადასახადებს აპროტესტებდნენ, ხოლო მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს. აქციის მონაწილეების აზრით, ხელისუფლება მოქალაქეების მატერიალური პრობლემების მოგვარებას არ ცდილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...