Moderna გრიპის, აივ-ისა და ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინებს შექმნის

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აპირებს, mRNA ტექნოლოგია გამოიყენოს, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფუძნება და შექმნას სხვა ვაქცინები, რომელთა შორის გრიპის, აივ-ისა და ზიკას საწინააღმდეგო პრეპარატებიც იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

”Moderna- ს გენერალური დირექტორის, სტეფან ბანსელისთვის, COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ დასაწყისია. მან დიდი ხანია პირობა დადო, რომ თუ mRNA ტექნოლოგია გაამართლებს, ეს გიგანტური ახალი ინდუსტრიის გაჩენას გამოიწვევს, რომელსაც თითქმის ყველაფრის მკურნალობა შეუძლია: გულის დაავადებებიდან დაწყებული კიბოთი და იშვიათი გენეტიკური დაავადებებით დამთავრებული”, – აღნიშნავს გამოცემა.

ამჟამად Moderna სხვადასხვა კატეგორიის დაავადებებისთვის წამლებს ცდის. ბანსელის თქმით, მისი კომპანია, შესაძლოა, ვაქცინების დომინანტი მწარმოებელი გახდეს. კერძოდ, უკვე იტესტება ან ცდებისთვის მზადდება 10 ვირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინები, მათ შორის COVID-19- ის საწინააღმდეგო “ბუსტერები”, სეზონური გრიპის, აივ-ინფექციის და სხვათა საწინააღმდეგო ვაქცინები. გარდა ამისა, მიმდინარე ეტაპზე მუშავდება ვაქცინები ისეთი ახალი ვირუსების წინააღმდეგ, როგორიცაა Nipah და Zika, ასევე უფრო ცნობილი მძიმე პათოგენური დაავადებების წინააღმდეგ.

ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ორმოცდაათზე მეტი ვირუსი აღმოაჩინეს. აქედან შემუშავებული და დამტკიცებული ვაქცინები მხოლოდ სამს აქვს.

კომენტარები
იტვირთება...