ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და მას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ბრალდებულმა დაზარალებული დანის ექვსჯერ დარტყმით მოკლა. 

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. 2022 წლის 18 აგვისტოს მათ რესტორანში იჩხუბეს, რა დროსაც დაზარალებულმა სახის არეში ხელი დაარტყა ბრალდებულს, რის გამოც მან შურისძიება გადაწყვიტა.

2022 წლის 19 აგვისტოს, დანით შეიარაღებული ბრალდებული მსხვერპლს სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა. რამდენიმე საათში, დაზარალებული შინ დაბრუნდა, რა დროსაც ბრალდებულმა მას დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გაიქცა, თუმცა ბრალდებული დაედევნა და დანა რამდენჯერმე კვლავ დაარტყა. მიღებული 6 ჭრილობით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის დაგეგმვასა და შემთხვევის ადგილზე შეიარაღებულ ჩასაფრებას მოწმობდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.