“მკითხველმა არ უნდა გაჯობოს” –  45 წლიანი სტაჟის მქონე ბიბლიოთეკარი, ციცინო ფოფხაძე ქუთაისიდან

45 წლიანი სტაჟი საბიბლიოთეკო სფეროში და საკუთარი დამოკიდებულება საქმისადმი. როგორც ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ხარისხის მართვის განყოფილების გამგე ციცინო ფოფხაძე ამბობს, პროფესიის არჩევისას მთავარი განმსაზღვრელი  წიგნის სიყვარული იყო. ამის გამო გახდა 19 წლის ასაკში ბიბლიოთეკარი და მერე ბევრი წელი სამუშაოს შეცვლაზე არც უფიქრია.

 ბევრი წელი გაატარეთ აქ, სხვადასხვა პოზიციაზე, თუმცა ერთ სივრცეში. ამბობთ რომ სამსახურის შეცვლაზე  არ გიფიქრიათ…

მიყვარდა წიგნის კითხვა, წარმოდგენილი მქონდა რომ ბევრი წიგნი თუ მექნებოდა, მეტს წავიკითხავდი და ეს მაბედნიერებდა. შესაბამისად, ჩემი ცხოვრება დასაბამიდან  დაკავშირებულია ბიბლიოთეკასთან . ძალიან მიყვარს ეს საქმე და ამიტომაც აქ მუშაობის 45 წელი შემისრულდა. მთავარია სიყვარული საქმის და ადამიანების. ძირითადად მომზადებული მკითხველი  მოდის და ყოველთვის მზად უნდა დახვდე, მან არ უნდა გაჯობოს.

ამ დროის განმავლობაში თუ იყო პერიოდი, როდესაც იკლო მკითხველთა რაოდენობამ. მაგალითად ინტერნეტის მასობრივად შემოსვლის დროს?

ადრე, როდესაც გარდატეხა მოხდა, ინტერნეტი მასობრივად შემოვიდა, კლება თვალში საცემი იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდების. თუმცა საბედნიეროდ ახალი თაობა დაბრუნდა. დიდია მკითხველის დაინტერესება. ერთი შენიშვნა მაქვს პედაგოგებთან რაც აუცილებლად უნდა ვთქვა: ბავშვებს უთითებენ, რომ Google-ში მოიძიონ ინფორმაცია, მაშინ როცა არსებობს არაჩვეულებრივი საბავშვო ენციკლოპედიები, ლიტერატურა და სასურველია იქედან მისცენ კონკრეტული დავალებები. ხშირად უფროსი თაობაც აშავებს ხოლმე.

ყველა სფეროს  აქვს განსხვავებული სპეციფიკა. რით გამოარჩევთ თქვენს პროფესიას?

ბიბლიოთეკაში მოდის წიგნის მოყვარული ადამიანი,  ხშირად იცის რა უნდა, თუმცა არის შემთხვევები, როცა შენ უნდა ურჩიო. ასე ვთქვათ გზამკვლევი ხარ, რაც ძალიან საინტერესოა.

თუ გამოყოფთ დაცული არქივის ნაწილს, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ?

ეს არის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული ლიტერატურა, რომლითაც მხოლოდ ჩვენ კი არა ქალაქი ამაყობს. ამას ვერ გავამატერიალურებ, ერთი დიდი სიამოვნებაა მისი გაცნობა,

როგორ წარმოგიდგენიათ საბიბლიოთეკო სფეროს სამომავლო განვითარება?

ისევე როგორც ყველა სფერო, ჩვენც განსაზღვრულ  საკანონმდებლო ნორმებს ვემორჩილებით. კურიოზია, რომ 1986 წელს მიღებული საბიბლიოთეკო კანონით ვხელმძღვანელობთ. ვერ მოიცალეს ამ საკითხისთვის. არადა აუცილებელია შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოთხოვნას დაუყენებს ბიბლიოთეკას და ვალდებულების წინაშე დააყენებს მკითხველს. ალბათ ამ ნაწილის მოწესრიგებას მეტი დრო უნდა დაეთმოს.

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად