მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესრულდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც კაუჩუკის საფარზე სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განთავსდება საჩრდილობელი, საპარკე სკამები და LED სანათები დამონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ჩვენთვის აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება პრიორიტეტული იყო, რადგან ამ ქუჩაზე მხოლოდ ერთი დასასვენებელი სივრცეა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 205 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად