მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, ნათია ჩირიკაშვილმა მოაწერეს ხელი.

სააგენტოების თანამშრომლობა ითვალისწინებს მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი გამოყენების თაობაზე ინფორმაციის (საარქივო-საველე) შეგროვება-დამუშავებას. სააგენტო, საჯარო რეესტრისგან მიღებულ ინფორმაციას მიწის ბალანსის შედგენისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. მხარეები ითანამშრომლებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხებში. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის დროს, სააგენტოები ხელს შეუწყობენ მიწის ნაკვეთების გაერთიანების (კონსოლიდაციის) პროცესს და მონაწილეობას მიიღებენ ამ მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და განხორციელებაში. სააგენტოები ითანამშრომლებენ მონაცემთა ბაზების წარმოება/დამუშავებისა და უსაფრთხოების საკითხებშიც.

„მიწის სისტემური რეგისტრაციისას შეგროვებული და დამუშავებული ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება ერთიანი მიწის ბალანსის შედგენა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღირცხვა, რაც ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს კი, ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებაში, იქნება ეს დაკავშირებული მიწის ხარისხთან, კატეგორიასთან თუ მის დანიშნულებასთან“, – განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

როგორც საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, ნათია ჩირიკაშვილმა აღნიშნა, მიწის ფაქტობრივი გამოყენების შესახებ ველზე შეგროვებულ ინფორმაციას ისინი დაამუშავებენ და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს გადასცემენ მიწის ფონდის სრულყოფილი ბაზის შესაქმნელად. მემორანდუმის გაფორმებით საფუძველი ჩაეყარა სააგენტოების ერთობლივი მუშაობის პრაქტიკას. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობა უზრუნველყოფს საინფორმაციო ბაზისა და იმ ინსტრუმენტების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად