მითები ჩვენი ევროპული არჩევანის კვალდაკვალ

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაზას გადის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ გამოცდილებისგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა წარმატებით რომ გაიარეს.

საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ჩვენი თაობის თვითმიზანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამყარების გზა, რაც თვითმიზანიცაა და ვალდებულებაც. ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ორივე მიმდინარეა და ამ გზას საქართველოს მოქალაქეები უკვე გავდივართ.  პროცესი დროში გაწელილი ცნებაა და ვადების დათქმა,  თუ როდის გავხდებით ამა თუ იმ ალიანსის წევრი, მხოლოდ ვარაუდებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მთავარია, პროცესი განვითარდეს და არავის მივცეთ უფლება და საშუალება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენივე არჩევანი.

რა არის ის ფაქტორი, რაც ასე ართულებს საქართველოს ევროპულ  სტრუქტურებში გაწევრიანებას? პირველი, რაც გვახსენდება, არის შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოებები, არაპროგნოზირებადი მოთამაშეები, გაცილებით აგრესიული და ასევე არაპროგნოზირებადი მოთამაშე – რუსეთის ფედერციის სახით, ისლამური სახელმწიფოს სწრაფვა ხალიფატის შექმნისაკენ. ასევე, უნდა აღინიშნოს კონვეციური ომების ტრადიციული ხასიათიდან არაკონვენციურ ომებზე გადასვლის ტენდენცია.  კიბერ ომები და საინფორმაციო ომები დაპირისპირებულ სახელმწიფოებს შორის ურთერთობების ჩვეულებრივ ქმედებებად იქცა.

საქართველოში ევროპული ინტეგრაციის პროცესი მძლავრი ანტიდასავლური კამპანიის თანხლებით მიმდინარეობს.  საზოგადოების ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო მისიებში ღირსეული და მაღალპროფესიული მონაწილეობა, არის ის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მოგებიან პოზიციას უწყობს ხელს. შეიარაღებული ძალები ჩვენი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მის იმიჯს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით და შემდეგ მის ფარგლებს გარეთ ფრთხილი და პასუხისმგებლიანი მიდგომა სჭირდება.  საზოგადოებრივი  აზრი,  ანუ ხალხის ნება, კი არის ის ბერკეტი, რაც მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას აძლიერებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არ დავუშვათ ამ ფაქტორების შესუსტება.

ამ პროცესში მძლავრად იჩინა თავი რუსული რბილი ძალის სხვადასხვა ასპექტებმა. მათ შორის, მიმზიდველმა საგანმანათლებლო პროექტებმა, კარგად შეფუთულმა მედია და, აგრეთვე, მომხიბვლელმა ეკონომიკურმა და სამრეწველო პროექტებმა და ა.შ. ანტიდასავლური იდეოლოგიის მესვეურების ხელში არსებული ერთ-ერთი იარაღი სწორედ ცრუ ღირებულებებით მანიპულირება და მითების გავრცელებაა.

ბუნებრივია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია დაკავშირებულია ღირებულებებისა და ფასეულობების საკითხთან და მას აქვს კულტურული და ეკონომიკური ასპექტები. ნატოში გაწევრიანების საკითხი კი უფრო მეტად ასოცირდება უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობასთან.  შესაბამისად, ანტიდასავლური ხასიათის მითები შეიძლება დავაჯგუფოთ შემდეგ კატეგორიებად: კულტურულ-რელიგიური, ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული.

ერთ-ერთი მითის მიხედვით, ჩვენი კულტურული იდენტობა და თვითმყოფადობა ევროინტეგრაციის შემთხვევაში დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგება. სინამდვილეში, ევროკავშირში ყველაზე კარგად არის წარმოჩენილი მისი წევრი და პარტნიორი ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნება. არავინ განიცდის კულტურულ შევიწროვებას, ბრძოლას ტრადიციების წინააღმდეგ. რაც შეეხება ენას, ევროკავშირს 24 ოფიციალური ენა აქვს. ქართული ენა, ისევე როგორც კულტურა, ფოლკლორი და ტრადიციები, უფრო მეტ გასაქანს ნახავენ სწორედ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად. ფაქტია, რომ ქართული ენა რეალური საფრთხის წინაშე 1978 წლის 14 აპრილს დადგა, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება განიზრახა. შეტევა სწორედ ქართული ენის წინააღმდეგ განხორციელდა, რადგან მართლმადიდებლური ეკლესია, პრაქტიკულად, განადგურებული ჰქონდა.

შემდეგი მგრძნობიარე მითი, სწორედ მართლმადიდებლური რელიგიის გავლენისა და სიძლიერის შესუსტებას უკავშირდება. სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებული არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიისათვის რაიმე სახის საფრთხე არ შეუქმნია. თუ ზემოაღნიშნულ ქვეყნებში არ დამდგარა ასეთი პრობლემა,  რატომ უნდა დადგეს საქართველო ამ საფრთხის წინაშე?  სამწუხაროდ, მეხსიერება აქაც გვღალატობს და გვავიწყდება გადაღებილი და იარაღის საწყობებად ქცეული ეკლესიები, დახვრეტილი და რეპრესირებული სასულიერო პირები.

შიში ერთსქესიან ქორწინებასთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალური მითია, თუმცა, რატომ არის ეს ევროპული ღირებულება, ან „ევროპული სენი“-  ახსნა არ აქვს. რეალურად, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ერთსქესიანთა ქორწინება არ წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის მოთხოვნას და არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ასევე მნიშვნელოვანია  ეკონომიკური ხასიათის მითები. ერთ-ერთი მათგანი ევროკავშირთან ინტეგრაციის შედეგად სხვა  ქვეყნებთან ვაჭრობის შესაძლებლობების დაკარგავს უკავშირდება. სინამდვილეში, თუ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების სხვა ქვეყნებთან შენარჩუნება სურს (მათ შორის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან) ეს შესაძლებელია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შემდეგაც. საქართველოს რჩება შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს საკუთარი სავაჭრო სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეუძლია ჰქონდეს თავისფალი სავაჭრო ურთიერთოებები სხვა ქვეყნებთან, ის ვერ გახდება ნებისმიერი სხვა ქვეყნების მონაწილეობით შექმნილი საბაჟო კავშირის წევრი. საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველო იძულებული იქნება, აწარმოოს ამ კავშირის გადაწყვეტილებების შესაბამისი სავაჭრო პოლიტიკა და შემოიღოს მისი საბაჟო ტარიფები, რაც შეუძლებელს გახდის  ევროკავშირთან  თავისუფალ ვაჭრობაზე ორმხრივი შეთანხმების არსებობას.

დაბალი თვითშეფასება, რომ ჩვენი პროდუქცია ვერ იქნება კონკურენტუნარიანი და წარმატებული ევროპულ ბაზარზე, ასევე მიუღებელია.  პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეებისათვის. რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, ეს ხომ 500 მილიონი მოქალაქის ბაზარია, რომელიც ასევე მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა და მის საპირწონედ ნაცნობი რუსული ბაზარი, რომელიც ღიაა უხარისხო პროდუქციისათვის, რასაკვირველია, არ გამოდგება.

ასევე, ყურადსაღებია მითები, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უკავშირდება. მაგალითად, საინტერესოა მოსაზრება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე  ნატოს სამხედრო ბაზები განთავსდება. ეს მოსაზრება აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას. პირველი, ნატოს არ ჰყავს ჯარი. მას აქვს სამხედრო სტრუქტურა და მის სამხედრო შესაძლებლობას წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალები წარმოადგენს, რომელიც მშვიდობიანობის დროს თავისი ქვეყნის ხელმძღვანელობის მართვის ქვეშ იმყოფება. ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალები გაწევრიანებს შემდეგ თავად იქნება ნატოს შემადგენელი ნაწილი და ეროვნული სამხედრო ბაზა, ასევე იქნება ნატოს სამხედრო ბაზა.  მეორე,  თუ რა ტიპის შეიარაღებულ დანაყოფს მოითხოვს საქართველო, სად დასჭირდება მას დახმარება, ამას მთლიანად ეროვნული ხელისუფლება განსაზღვრავს და ითხოვს.

ჩვენი ევროპული სწრაფვის (როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში) ერთ-ერთ საფრთხედ აღიქმება ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვა, რაც არა მხოლოდ სიცრუე, არამედ  შეურაცხმყოფელია.

რასაკვირველია, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები არის სერიოზული გამოწვევა და დაბრკოლება არა მხოლოდ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის, არამედ ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. საქართველო საერთაშორისო ორანიზაციებთან მოლაპარაკებებისას წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რაც გულისხმობს საქართველოს მისი შემადგენელი სამხრეთოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებით. ამასთან, გვაქვს ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არათუ გერმანია იყო ორად გაყოფილი, არამედ მისი დედაქალაქის, ბერლინის შუაგულში იყო აგებული გამყოფი კედელი. თუმცა, ისტორიული სამართალი აღდგა, კედელი დაინგრა და გაერთიანებული გერმანია დღეს ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი სახელმწიფოა. ნატოში გაწევრიანება არის ის შესაძლებლობა, რომელსაც მოაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება და ცხოვრების სტანდარტების ამაღლება.

მითები მომავალშიც გაგრძელდება. ისინი ადგილს იქ პოულობენ, სადაც დაბალია საზოგადოების განათლებისა და ინფორმირებულობის დონე, არის მძიმე სოციალური ფონი და საზოგადოებას „შეჩვეული ჭირი ურჩევნია“ ახალ შესაძლებლობებს.

ის, რომ თანამედროვე ევროატლანტიკური სივრცე მძლავრი ანტიდასავლური საინფორმაციო კამპანიის წნეხის ქვეშ იმყოფება, ფაქტია. ამის საპირწონედ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე მეტი ფიქრისა და მსჯელობის ტენდენცია ვითარდება, თუმცა, რა არის სტრატეგიული კომუნიკაცია, მაინც ბუნდოვანია.  არის ეს ახალი ტიპის კომუნიკაცია, თუ არის კომუნიკაცია, რომელმაც დღეისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა? ორივე შემთხვევაში საჭიროა საზოგადოებივი ძალებისა და ძალისხმევის კონსოლიდირება, რათა ჩვენი თაობის პრივილეგია – საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება შეუქცევადად განვითარდეს.

ელენე გოცაძე, GEORGIAN REVIEW

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად