A1 ბანერი

მიროტაძე: კოალიციის ნაწილი ვიყავი და სისტემურ პრობლემებზე გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ

კოლექტიური საგანელიძეები და ფარცხალაძეები ხელის მოთბობას ცდილობდნენ და კოალიციიდან ჩვენი წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო, – ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ „აიპრესს“ განუცხადა.

მისი თქმით, სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან მაშინდელი კოალიციის ერთ-ერთი წევრი იყო.

“რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერში სუბელიანმა ახსენა გახმაურებული საქმეები. ახსენა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე, თეთრაძის საქმე და ა. შ. თქვენ იმ პერიოდში იყავით ხელისუფლებაში. თქვენთვის ეს ყველაფერი უცხო იყო?

მე პირველად გავიგე არა მხოლოდ ეს, არამედ ბევრი რამე. თუმცა, თავის დროზე როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო. ჩვენ აღარ მოგვწონდა ბევრი რამე, რაც ფორმალურად, დახურულ კარს მიღმა ხდებოდა. არ მოგვწონდა, რომ კოლექტიური ფარცხალაძეები, კოლექტიური საგანელიძეები და კოლექტიური ვიღაცები ცდილობდნენ მოეთბოთ ხელი იმ მონაპოვარზე… ხელის მოთბობაში იგულისხმება ათეულობით მილიონი. ყველანაირი გზით გამოყენებას ცდილობდნენ ამას. ეს გამოიკვეთა რამდენიმე წლის შემდეგ. თუმცა, ასეთი კონკრეტული „ქეისები“ ჩემთვის ცნობილი არ იყო.

ისაუბრეთ შესაძლო სისტემურ დანაშაულზე. თუ დადასტურდება ეს, რომ იმ პერიოდშიც იყო სისტემური დანაშაულის პრობლემა თქვენ როგორც იმ პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენელი გრძმობთ თუ არა თქვენს წილ პასუხისმგებლობას?

მე პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემს სიტყვაზე და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მე ვეკუთვნი იმ ძალიან ცოტა ადამიანის კატეგორიას, რომელიც იყო „ქართულ ოცნებაში“ და რომელიც ძალიან მალევე აპროტესტებდა ამას, როგორც კი სისტემური პრობლემები გაჩნდა. მე ამაზე ვსაუბრობდი და ეს ჩემი დამოკიდებულება გუნდის წევრებისთვის ცნობილი იყო.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ სასამართლოში რაც ხდებოდა ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და ყველამ იცოდა ამის შესახებ. მედიამაც იცოდა ამის შესახებ და გავაკეთე განცხადებები. თუმცა, არის რაღაცა პასუხისმგებლობა, რომელსაც ცხადია ვგრძნობ მე ჩემს თავზე. მე ვიყავი იმ გუნდის ნაწილი. რამდენად ითვალისწინებდნენ ჩემს აზრს, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა.

ავტორი იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...