მირიან ნიკოლაძე: კითხვები დამნაშავეებთან დაკავშირებით ამოწურულია

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძის განცხადებით,  ბრალდებულების საკნებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაღებულ მასალას მტკიცებულებითი ძალა ექნება.

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ  ლუსტრაციის თვალსაზრისით, აღნიშნული ვიდეოს გასაჯაროვება საზოგადოებისთვის უფრო კარგი იყო, რადგან „საზოგადოება იბნევა იმის გარკვევაში, რეალურად, რასთან აქვს საქმე”

“ეს იყო ძალიან კარგი ლუსტრაცია, მათ დაინახეს, რომ ესენი არიან მკვლელები და ამაზე კითხვები აღარ არსებობს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კითხვაზე, დარჩა თუ არა მას კითხვები გამოძიებასთან,  მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ 17 ადამიანი დაკავებული და მათგან უმრავლესობას მინიმუმ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„5 პირი განზრახ მკვლელობისთვის არის ბრალდებული. კითხვები დამნაშავეებთან დაკავშირებით ამოწურულია. იმედია, წუხანდელის შემდეგ, საზოგადოებასაც აღარ ექნება კითხვის ნიშანი, თუმცა ჩემი მოსაზრებით, არსებობს ადამიანების გარკვეული წრე – ცრუ ჩვენება იქნება თუ ზეწოლა, ამაზე გამოძიების ფარგლებში მსჯელობა შეიძლება. მე რომ მკითხოთ, რამდენიმე ადამიანი კიდევ არის პასუხისგებაში მისაცემი, ოღონდ ამ დანაშაულის მიღმა, სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. რა პოზიცია ექნებათ სამართალდამცველებს, ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგანხსენებთ: პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად