მირიან ნიკოლაძე: გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თავისი ინიციატივით არავინ გასულა, ყველას თავის დაცვა უნდა

“მე რამდენადაც ვიცი, არავინ თავისი ინიციატივით არ გასულა. პირიქით, ყველა იღებს ორიენტაციას იქითკენ, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავი”, – ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ “რეაქციაში” განცხადა.

მისი თქმით, პრობლემა იქიდან იწყება როდესაც პირველ კლასელ ბავშვს მამა ძალადობისკენ მოუწოდებს.

კითხვაზე, იმ ახალგაზრდებიდან ვინც იქ იყვნენ და ვინც შემდეგ ჩავიდნენ მანქანებით, რკინის ჯოხები ეჭირათ და ა. შ. რამდენი ახალგაზრდა გავიდა თავისი ინიციატივით გამოძიებასთან თანამშრომლობაზე? – მირიან ნიკოლაძე პასუხობს:

“მე რამდენადაც ვიცი, არავინ თავისი ინიციატივით არ გასულა. პირიქით, ყველა იღებს ორიენტაციას იქითკენ, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავი. რა თქმა უნდა, ყველას თავად მიაკითხა გამოძიებამ. როგორც წესი ასე ხდება და არც ეს საქმე არ ყოფილა გამონაკლისი.

თუ იმაზე ვსაუბრობთ, პრობლემა საიდან იწყება, როდესაც მამა პირველ კლასელ შვილს ეუბნება, რომ თუ ვინმე ხმას აუწევს, შენ ფიზიკურად უნდა გაუსწორდე, აი იქიდან იწყება. ვსხედვართ, ვლაპარაკობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ და საბოლოო ჯამში იგივეს ვაკეთებთ. ძალადობას ვუნერგავთ ბავშვებს ფსიქიკაში და მერე 19 წლის ბავშვებზე ვლაპარაკობთ – ფუ დამნაშავე, საზიზღარი, როგორ გაიმეტა… ვისი შვილია, ჩვენი შვილი არ არის?!” – ამბობს ნიკოლაძე.

კითხვაზე, მეორე ბიჭი, რომელიც სცემეს და დღეს საავადმყოფოშია, მისი მცემელი დაკავებულია? – პასუხობს, რომ დაკავებული არავინ არ არის.

შეგახსენებთ, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს.   23 ივნისს კი შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. დღეს, 25 ივნისს გიორგი შაქარაშვილი დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად