მირიან ნიკოლაძე: დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვი ცოცხალია და ისეა მოხვედრილი წყლის კალაპოტში

“შეიძლება ნაცემ ბავშვს ჩააყოფინო თავი წყალში, დაახრჩო და გაატანო არაგვს”, – აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და განმარტავს, რომ  ამ ვერსიას აქვს საფუძველი.

როგორც მირიან ნიკოლაძემ გადაცემა „პოლიტმეტრში“ განმარტა, წარმოუდგენელი იქნებოდა ფეხბურთელის ხიდის ქვეშ მოკვლა და შემდეგ ჩაყვანა სანაპიროზე.

„ღამით, სიბნელეში მოუსპო სიცოცხლე ადამიანს ხიდის ქვეშ და მერე ჩაიყვანო ნაპირზე, ფიზიკურად ვერ მოხერხდება. დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვი ცოცხალია და ისეა მოხვედრილი წყლის კალაპოტში. საფუძვლიანი არსებობის უფლება აქვს ვერსიას, რომ ჩაჰყვნენ, გაეკიდნენ და უკვე არაგვის სანაპიროზე გაუსწორდნენ ფიზიკურად, ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს წყალს”, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ექსპერტიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი: ასფიქსიით დახრჩობა – ასეთია კვლევის დასკვნა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე გადაკვალიფიცირდა და ბრალი დამძიმდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

ცნობისთვის, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო     ასევე,   მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გავრცელა

პროკურატურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს და ჩვიდმეტივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად