მირიან ნიკოლაძე: არ გამოვრიცხავ, რომ გამხეცებულმა არაკაცებმა ვინც ჩაიგდეს ხელში იმას გაუსწორდნენ და გიორგი იყო ეს

მირიან ნიკოლაძეარ გამოვრიცხავ, რომ გამხეცებულმა არაკაცებმა ვინც ჩაიგდეს ხელში იმას გაუსწორდნენ და გიორგი იყო ეს, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახვლედიანი და ქათამაძეც შემთხვევით გადაურჩნენ “მერსედესის” პირველ შემოსევას.

“სტანდარტული არის მიზეზი, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე ახლოს არის რეალობასთან. ეს გახლავთ ადამიანების ზოგადი აგრესია, რომელიც უბანი უბანთან ცდილობს ანგარიშსწორებას. ნახალოვკელების თვალში გიორგი იქ ასოცირდებოდა საბურთალოელების ჯგუფთან. ყველამ იცის, რომ გიორგის ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ის აშველებდა. ფეხბურთელები იყვნენ საბურთალოელების წრეში. მათთან გიორგის დიდი მეგობრობა არ ჰქონია, მაგრამ იცნობდა.

დარწმუნებული ვარ, ახვლედიანიც და ქათამაძეც შემთხვევით გადაურჩნენ “მერსედესის” პირველ შემოსევას. რომ არა უცაბედი გაქცევა… არ ვიცი, იქ ერთმა დაიძახა, რომ პოლიცია მოდისო, თუ რაღაც მოეჩვენათ და ამიტომ გაიქცნენ. ნებისმიერი ბავშვი შესაძლებელია გამხდარიყო მსხვერპლი. მე არ გამოვრიცხავ ე. წ. სტანდარტულ მოტივსაც, რომ ვინც ჩაიგდეს ხელში, ამ გამხეცებულმა არაკაცებმა იმას გაუსწორდნენ და ეს იყო გიორგი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს არაფერი არ განუხორციელებია. სიბნელეში დაიგულეს პატარა ბავშვი. იცოდნენ, რომ არავითარი მტკიცებულება იქ არ იყო მათივე ჩვენებების გარდა და ბოლომდე გაუსწორდნენ მას.

ამირხანაშვილი ხელში კი არ ჩაიგდეს, არამედ წამოიყვანეს, როგორც ალიბი, რომ ვინმეს მკვლელობა რომ გვდომებოდა, აგერ არის ადამიანი, რომელიც წამოვიყვანეთ და ხელი არ დაგვიდიაო. სად გინახავთ თქვენ, ნახევარი კილომეტრი სდიონ ბავშვს, მანქანაში ადგილი არ ჰქონდეთ და თავს იკალვდნენ, რომ გინდა თუ არა წამოდი თბილისშიო. თუ მაჩვენებთ სხვა ფაქტს, ვიტყვი, რომ ასეთი ჰუმანურები იყვნენ”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად