მირიან ნიკოლაძე: არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას, ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა, შემთხვევით ყოფილიყო გადამწვარი.

ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ  ტვ “ფორმულასთან” სატელეფონო კომენტარში განაცხადა და ასევე არ გამორიცხა, რომ საქმეზე შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

„გადაჭრით ვერ გეუბნებით, რომ გამორიცხულია და არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ლოგიკურად ვერ ვიგებ დაზიანებულიყო. ამ ხალხისგან შეიძლება ყველაფერს მოველოდე შეიძლება ვიღაცა მივიდეს და ატეხოს ამბავი, რომ აი, თურმე რა ხდება შემთხვევის ადგილი დაიწვა. მეორე შესაძლებელია, ვიღაცამ მართლა შემთხვევით ქნა. არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას“,-აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ,  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ადგილი, სადაც ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია.

გურამ ამირხანაშვილი ფეხბურთელის საქმის „ოქროს მოწმეა“ – ის გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც თბილისიდან ჩასულმა ექვსმა ახალგაზრდამ დიდუბეში ჩამოიყვანა. ამირხანაშვილის პირველი ჩვენებით, მას თავისუფლება იძულებით აღუკვეთეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

3 ივლისს ცნობილი გახდა,რომ საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე – ფოტოგრაფი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათესავია.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად