მიქაუტაძე: გიგაურის სურვილია სასამართლო სისტემა ცრუ ინფორმაციებით უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს

ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” გამოქვეყნებულ კვლევას – “თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში”.

“მინდა განცხადება გავაკეთო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. კვლევასთან დაკავშირებით და მოგაწოდოთ ინფორმაცია მასში არსებული ცრუ ფაქტების შესახებ. ასეთი კი რამდენიმეა. საუბარია ქალბატონ ლელა კალიჩენკოს შვილზე, რომელიც მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნამდვილად, თუმცა გეტყვით, რომ მანამდე მუშაობდა, სანამ ქალბატონი ლელა მოსამართლე გახდებოდა და საინტერესოა სად ხედავდნენ აქ ნეპოტიზმის ნიშნებს.

ძალიან საინტერესოა, ასევე საუბარია ბატონ თეიმურაზ სვანიძის და ქალბატონ ქეთი ჯაჭვაძის შვილებზე, რომელთაც ძალიან ხანგრძლივი სტაჟირება აქვთ გავლილი სასამართლოში და მინიმალური საფეხურიდან – სპეციალისტის რანგიდან აქვთ დაწყებული სამსახური. საუბარია ბატონი მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლეზე, რომელიც თურმე აუდიტის სამსახურში მუშაობს და წლის დასაწყისიდან არ იკავებს ამ თანამდებობას და ესეც ცრუ ინფორმაციაა. სად ხედავენ აქ ნეპოტიზმს ძალიან საინტერესოა.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი ბატონი გიორგი ებანოიძის შესახებ, რომლის მეუღლეც ასევე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მუშაობს 2011 წლიდან, ანუ მანადე ვიდრე ბატონი გიორგი დაიწყებდა მოსამართლედ მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში და რაც მთავარია ისინი 2016 წელს დაქორწინდნენ , მას შემდეგ რაც ორივე მათგანი წლების განმავლობაში მუშაობდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში- ეს არის ნეპოტიზმი და ეს დაადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობამ?

გეტყვით, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილ ინფორმაციებს ავრცელებს. შეგახსენებთ მათ ე.წ. კვლევას კორუფციის შესახებ, რომელიც ექვსი ანონიმური პირის მონაწილეობით ჩატარდა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ერთადერთი დასკვნა რისი გაკეთებაც შემიძლია არის ის, რომ იმდენად დიდია ქალბატონი ეკა გიგაურის სურვილი სასამართლო სისტემა უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს, ცრუ ინფორმაციების მოშველიებით, ვფიქრობ, აღარც საერთშორისო გამჭვირვალობის რეპუტაციას ანიჭებს მნიშვნელობას და ყველა საშუალებით ცდილობს ამ მიზანს მიაღწიოს”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევით:

ეკატერინე გასიტაშვილი –  2014 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – მისი მეუღლე, გიორგი ვაშაყმაძე 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველია აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში

მიხეილ ჩინჩალაძე – 2017 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, 2010 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – მისი მამა, თამაზ ჩინჩალაძე 2016 წლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექსპერტ-კონსულტანტია; მისი მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი 2016 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი ანალიტიკოსია; მისი დედა, რუსუდან სამხარაძე 2015 წლიდან სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორია

ზაზა თავაძე – 2016 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან ერთ-ერთი – მისი მეუღლე, თეა ძოწენიძე 2017 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის სპეციალისტია

ეკატერინე ცისკარიძე – 2006 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე –  მისი მეუღლე, ნიკოლოზ ბენდელიანი 2017 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურეა.

თეიმურაზ სვანიძე – 2015 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2012 წლიდან ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე – მისი შვილი, გიორგი სვანიძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია.

ირაკლი შენგელია – 2007 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – მისი მეუღლე, ლანა თევზაძე 2017 წლიდან სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად