მიქაბერიძე კილაძეს: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათავლისწინება ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე არარელევანტურია

კილაძე დაინტერესდა, რამდენად ხშირად იყენებს ლევან მიქაბერიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებებს მართლმსაჯულებაში

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს სტრასბურგის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებაში. თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს თქვენს არგუმენტაციაში, როგორც მოსამართლე?“- კითხვით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

„დავის სპეციფიკისა და კატეგორიის გათვალისწინებით ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და პრეცედენტული სამართლის გამოყენება. ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე მისი გამოყენება არარელევანტურია, თუმცა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს შეეხება, ბუნებრივია, ვიყენებთ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ თვითონ პრეცედენტი ეს არის კონვენციის დებულების შემავსებელი წინაპირობები. ცალკე აღებული ეს თუ ის დებულება, თუ ის არ განიმარტა პრეცედენტული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ვიწრო გაგებით შეიძლება იყოს გაზიარებული და აღქმული ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში და ამან შეიძლება მეტ-ნაკლებად შელახოს ადამიანის უფლება ან უფრო ფართო განმარტება მისცეს ადამიანის უფლებების ფარგლებს. რა თქმა უნდა, ვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ცალკეული საკითხების დროს. ეს შეეხება პროცესუალურ საკითხებს, თუნდაც სარჩელის დასაშვებობის პირობებს, როცა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხი წყდება ან გათავისუფლება ბაჟისგან ან გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი და მატერიალური უფლების გადაწყვეტის ფარგლებშიც, როდესაც ხდება ამა თუ იმ პრობლემატური საკითხის მოგვარება და გვეხმარება ეს ყველაფერი იმაში, რომ უფრო დასაბუთებული და დამაჯერებელი გავხადოთ შიდა კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“, -განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად