მინსკის შეთანხმების მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს

მინსკის შეთანხმების მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და კონფლიქტის დეესკალაციისთვის, ყველა საჭირო ზომას მიიღებენ,-ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ყველა მხარე მიიღებს ყველა საჭირო ზომებს მინსკის შეთანხმებების შესრულებისთვის და შესაბამისად, დონბასში კონფლიქტის დეესკალაციისათვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცეცხლის შეწყვეტის სრულ პატივისცემაზე, რომელიც 15 თებერვალს, 00.00 საათიდან უნდა ამოქმედდეს",-ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გადაწყდა, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებთან მომავალში რეგულარულად გამართავს კონსულტაციებს.

როგორც ცნობილია, 11-12 თებერვალს მიღწეულ იქნა შეთანხმება 50 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნისა და მძიმე ტექნიკის გაყვანის შესახებ. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, თუ აღნიშნული შეთანხმება არ შესრულდება, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობას შემოიღებენ.

კომენტარები
იტვირთება...