მინდიაშვილი: ღმერთი არ უნდა გამოსცადო, რწმენა არ გულისხმობს, რომ ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დააყენო

საქართველოს საპატრიარქო არ იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ეკლესიაში ზიარებისას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ერთჯერადი კოვზები გამოიყენონ.

საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და აცხადებენ, რომ საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ.

რამდენად გამართლებულია საპატრიარქოს ქმედება და საპატრიარქოს მხრიდან ხდება რელიგიური დოგმების ზუსტად დაცვა თუ ეს არის მისი უპასუხისმგებლობა? – ამ კითხვებით მიმართა “აიპრესმა” თეოლოგ ბექა მინდიაშვილს. კითხვებს მინდიაშვილი ასე პასუხობს:

„ჩემი შეფასება უფრო მეორე პასუხს გულისხმობს (უპასუხისმგებლობა ავტ:), მაგრამ შიგნით არიან სასულიერო პირები და მღვდელმთავრები, რომლებიც იზიარებენ იმ პოზიციას, რომ შესაძლებელია განსაკუთრებით რთული სიტუაციისას წეს-ჩვეულებები იყოს გადახედილი ეკლესიის მიერ. ეს არ ეხება დოგმატებს და იმას, რაც საეკლესიო ქრისტიანულ სწავლებასთან არის დაკავშირებული, არამედ ეხება რიტუალებს, ეს არის სახარებისეული რიტუალი. იესო ქრისტე ამბობს, რომ არა კაცია შაბათისთვის, არამედ შაბათია კაცისთვის. შაბათი არის მცნება. ეს არის ათი მცნებიდან ერთ-ერთი მცნება. ეს ნიშნავს იმას, რომ მცნებებს კი არ უნდა ემსახუროს ადამიანი, არამედ მცნებები უნდა ემსახუროს ადამიანს.

სახარების კონკრეტული შემთხვევაა, როდესაც ადამიანს მოშივდება და ხელდაუბანელი დაიწყებს ჭამას. ამ შემთხვევაში  ფარისევლები მივლენ იესოსთან და ეტყვიან, რატომ იქცევიან შენი მოციქულები ასეო. იესო ამ დროს პასუხობს ამას, რომ არა ადამიანია მცნებებისთვის, არამედ მცნებებია ადამიანისთვისო. ახლაც იგივე შეიძლება ითქვას, არა ადამიანია რელიგიისთვის, არამედ რელიგიაა ადამიანისთვის. ეს არის ამოსავალი პრობლემა ქრისტიანობის, რომ ქრისტიანობა არ მოდის წინააღმდეგობაში იმისგან, რასაც საღი აზრი გვკარნახობს. ამ შემთხვევაში ეს ეხება ჯანმრთელობას და ისეთ საშიშროებასთან, რაც დაკავშირებულია ეპიდემიის გავრცელებასთან.

აქედან გამომდინარე, თუნდაც შეკრებებზე უარის თქმა, ან თუნდაც საზიარებელ საერთო ჭურჭლის გამოყენებაზე უარის თქმა ეს სიტუაციური საღი პოზიციით და სახარებისეული პოზიციით განპირობებული ნაბიჯი იქნებოდა“, – ამბობს ბექა მინდიაშვილი.

რაც შეეხება იმას, ხომ არ ეშინია საპატრიარქოს გავლენების დაკარგვის თუ რა ახსნა აქვს მის გადაწყვეტილებას? – თეოლოგი ამაზე ამბობს:

„იმდენად დიდი პრობლემების წინაშე დგას საპატრიარქო, რომ ჩვენ ვხედავთ, რა მოსდის მის რეიტინგს. ეს ცუდი არ არის, იმიტომ, რომ ეს არის გზა იქითკენ, რომ ეკლესია დაუბრუნდეს ქრისტიანობას და დაუბრუნდეს ღმერთს, რომელსაც სამწუხაროდ საპატრიარქო ეკლესიიდან წლების განმავლობაში დევნიდა. რამაც ძალიან ბევრ პრობლემებამდე მიგვიყვანა ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას მარტო საქართველოს საპატრიარქოზე ვერ ვიტყოდი. იმიტომ, რომ სხვა რელიგიების წინაშეც დგას ეს საკითხი, სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც, კათოლიკურ ეკლესიებშიც და სხვაგანაც. ეს განხილვის საგანია.

პრობლემა იცით რა არის, ვირუსი როგორც ირანში, ასევე კორეაში რელიგიურ თემებში ვრცელდება სწრაფად. იმიტომ, რომ ეს არის შეკრების ადგილები და იქ ადამიანების დაცვა ძნელი ხდება. მეორე მხრივ, ადამიანმა არ უნდა გამოსცადო ღმერთი. ესეც სახარებისეული პრინციპია, რომ აი რა მომივა ამ შემთხვევაში თუ ამას გავაკეთებ. შენი რწმენა არ გულისხმობს იმას, რომ შენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დააყენო საფრთხის წინაშე. პირიქით, რწმენა უნდა გულისხმობდეს იმას, რომ შენ გაუფრთხილდე შენ ჯანმრთელობას იქ, სადაც აუცილებელი არ არის თავგანწირვა. ეს არ არის თავგანწირვის გამოსავლენი დრო და ვითარება“, – განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად