მინდია უგრეხელიძე: “ნაცმოძრაობის” და “პატრიოტების” 40 მანდატი რომ დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდეს, იცით, რა სიანტერესო პარლამენტი გამოდის?

“თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ბოლომდე ერთგული იქნებიან თავისი პოზიციისა და არაფერს დათმობენ, გამოსავალი მაინც არსებობს”.

ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სამართალმცოდნე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველმა ქართველმა მოსამართლემ, მინდია უგრეხელიძემ განაცხადა.

„ეს დაახლოებით 40 მანდატი გამოდის. მეორე მხრივ წარმოვიდგინოთ ყველა დანარჩენი პარტია ვინც გადალახა ეს ბარიერი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ რამდენი მიიღო. ის 40 მანდატი, რომ პროპორციულად გადავანაწილოთ ამათზე, ბარიერგადალახულ პარტიებზე, იცით რა საინტერესო პარლამენტი გამოდის?!“, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„ამას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლა, რა თქმა უნდა დასჭირდება, რასაც რა თქმა უნდა განახორციელებს უფლებამოსილი, სათანადო კომპეტენციის პარლამენტი“, – აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.

მისი თქმით, ეს თუ მოხდება, ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იდეალური პარლამენტი.

„ეს იქნება ექვსპარტიული პლურალისტური პარლამენტი. სადაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, იქ ისე გამოდის, რომ ზოგი 12 მანდატს იღებს, ზოგი 6-ს, ზოგი 4-ს, არაჩვეულებრივად საინტერესო მრავალპარტიული პარლამენტი გამოდის. ეს არაა შემთხვევითი პარტიები, მათ აქვთ გამოცდილებაც და ძალაც“, – თქვა მინდია  უგრეხელიძემ.

მისივე განმარტებით, ინიციატივა ეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ალეკო ელისაშვილის პარტიას და შალვა ნათელაშვილს. მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა დაიხსნან „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილი შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი, მემორანდუმი გააფორმეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად