მინდია ჯანელიძე: ბორჯომში ყველა რესურსია მობილიზებული მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე ამ წუთებში ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მიემგზავრება. 

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი "აიპრესთან" აცხადებს, რომ ადგილზე შეიკრიბება საგანგებო შტაბი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სოფელ დაბაში არსებული მდომარეობის სრული სურათის შესახებ საუბარი. 

"ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ მოხერხდეს ხანძრის ლოკალიზება, შემდეგ ლიკვიდირება. თუმცა, დღეს მთელი დღის განმავლობაში სამაშველო სამსახური, შსს და ადილობრივი ხელისუფლება ებრძოდა ხანძარს, მაგრამ ძლიერი ქარის გამო, ხელმეორედ აალდა კერები. 

აზერბაიჯანიდან მივიღეთ დახმარება ვერტმფრენის სახით, თუ საჭიროა დამატებით დახმარებას მივიღებთ მეზობელი ქვეყნებიდან, ამისთვისაც მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში პრობლემები გადაიჭრას. 

– ფაქტობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ყოველ მეორე დღე ხანძარია. 9 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსულმა ავიაციამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში, სწორედ ეს ტყის მასივი დაბომბა და 1000 ჰექტარი ტყე 26 დღის განმავლობაში იწვოდა.  ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს დივერსიაა?

– როგორც იცით გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.  მე გამიჭირდება დაბეჯითებით ვთქვა, ეს არის დივერსიის,  თუ ასე ვთქვათ ბუნებრივი პირობების ან დაუდევრობის გამო. ვფიქრობ, ამ საკითხზე უნდა დაველოდოთ გამოძიების პასუხს. 

რაც შეეხება თვითონ პროცესს, მინდა დაგარწმუნოთ, ყველა რესურსია მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია", – განაცხადა "აიპრესთან" მინდია ჯანელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები. საგანგებო შტაბი სტიქიის სალოკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი.

შეგახსენებთ, "სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო, რაც ხელს უშლის მაშველებს ხილვადობაში.

საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, რის შედეგადაც ქართველი მაშველების დასახმარებლად აზერბაიჯანიდან ვერტმფრენები უკვე ადგილზეა. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე დარჩებიან.

ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზებაში აზერბაიჯანული მხარე ჩაერთო". – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...