მინაშვილი: არჩევნების შემდეგ “ნაცმოძრაობამ” ამომრჩეველს კონკრეტული შეთავაზება არ წარუდგინა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაპირების მიუხედავად, არჩევნების შემდეგ პარტიამ ამომრჩეველს კონკრეტული შეთავაზება არ წარუდგინა. 

"პარლამენტში შესვლაზე კამათი დასრულებულია და აღარ განვიხილავ (მე წინააღმდეგი ვარ და ჩემი პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე), თუმცა მე-2 ტურებში მონაწილეობა აქტუალური თემაა. აქაც, ჩემი აზრით, სახეზეა მე-2 შეცდომა. მაშინ როდესაც პირველი ტურის შემდეგ ცხადი გახდა რა ტექნოლოგიებს იყენებს ოცნება, მე-2 ტურში მონაწილეობა რესურსების ფუჭი ხარჯვა იყო და ჩვენს მომხრეებში უიმედობის გაძლიერება, ჩვენ ეს რესურსი გამოგვეყენებინა მომხრეებთან ინტენსიური შეხვედრებისათვის და კონკრეტული გეგმის ჩამოსაყალიბებლად. აქაც მე- 3 შეცდომა – არჩევნების შემდეგ პარტიის მთავარი შეთავაზება აღმოჩნდა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში შესვლა და იქ ბრძოლა. სხვა არაფერი კონკრეტული შეთავაზება არ წარმოდგენილა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღებში ენმ ამას პირდებოდა ამომრჩეველს.

და ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური შეცდომა- წარუმატებელი არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ პირველ პოლიტსაბჭოზე პარტია, იმისა მაგივრად რომ გეგმებზე საუბრობდეს, იღებს განცხადებას მხარდამჭერების წინააღმდეგ. კი ბატონო რთულია შეურაცხყოფების, შესაძლო არაობიექტური შეფასებების მოსმენა და მოთმენა ( სხვათაშორის ბევრია ასეთი ტიპის სიტყვიერი შეტევები ჩემი და ამ საკითხში ჩემი თანამოაზრეების მიმართ, ჩემი უახლოესი მეგობრების მიმართ). მაგრამ პოლიტიკა ისეთი საქმეა არათუ უნდა აიტანო, არამედ მოუსმინო, გაანალიზო, დაელაპარაკო, დაარწმუნო და შენ მომხრედ აქციო. მით უფრო ბევრია კრიტიკულად განწყობილ ჩვენ მხარდამჭერებში ისეთი ვინც უანგაროდ და უშიშრად ებრძოდა ივანიშვილის ძალმომრეობას.

მთელი ჩვენი საარჩევნო კამპანია განა ამაზე არ იყო აგებული კარდაკარის ჩათვლით. ვცდილობდით აგრესიული მოწინააღდეგებიც კი ჩვენ მხარეზე გადმოგვეყვანა. ვფიქრობ ეს პოლიტიკის საფუძვლებია და ეს ჩემგან არავის ესწავლება. ჩვენი მხარდამჭერები არიან ამ სახელმწიფოს და ჩვენი საყრდენი, ამ ადამიანების რწმენა, ენერგია, ცოდნა საბოლოო გამარჯვებაა. მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ჩართულობა პარტიის მართვაში არის წარმატების ფორმულა, ხოლო პარტიის კარჩაკეტილობა და მომხრეების გარიყვა დამარცხების წინაპირობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...