“მიმიფურთხებია თბილისელისთვის, ვინც ზურა და იური ვაზაგაშვილს გმირებად შერაცხავს!”

"მიმიფურთხებია თბილისელისთვის და პოლიტიკოსისთვის, ვინც იური და ზურა ვაზაგაშვილებს გმირებად შერაცხავს!",-ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამამ ლევან გაბუნიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მან მისი და გივი პაპუაშვილის შვილის მკვლელობაში სწორედ ზურა ვაზაგაშვილი დაადანაშაულა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნული მკვლელობის გამო დაკავებული ზურა ვაზაგაშვილი საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსისა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის წყალობით გათავისუფლდა. მისივე თქმით, მაშინ ზურა ვაზაგაშვილის ოჯახმა, გათავისუფლებისთვის თანხა გადაიხადა.

“ყველამ ძაან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ მე უნდა ამაფეთქონ, ან გივი პაპუაშვილი უნდა ააფეთქონ, რომ გამოიძიონ ჩვენი შვილების მკვლელობა? საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იყო ზურა და იურა ვაზაგაშვილი, ზურა იყო კრიმინალი, მკვლელი იყო, მარტო პაპუაშვილზე და ჩემი შვილის მკვლელი არ იყო.

ყაჩაღი, ბანდიტი კრიმინალი იყო. იურიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის მომხდარის შემდეგ გახდა ცნობილი, ყველამ იცის, რას აკეთებდნენ ჯაზუში, ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ”,-განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გუშინ გახსნა და სულ 11 ადამიანი დააკავა. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა, მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებების ფალსიფიცირება ედებათ. ხვალ სასამართლო მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები
იტვირთება...