მილტონ ჰეიგი: რუსეთს საქართველოზე ძლიერი ნაკრები არ ჰყავს და კიდევ დიდხანს არ ეყოლება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამის შესახებ ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ავჭალის რაგბის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნები” ესპანეთის ნაკრებს (“ლომები”) მასპინძლობდნენ და ანგარიშით 22:10 დაამარცხეს.

“ქარმა თამაშის მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა და პირველ ტაიმში ამის გამო ბევრ რამეში შეგვეშალა ხელი. შესვენების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა.

რაც შეეხება რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლის მოროზოვის სიტყვებს, სისულელეა და ამას მათთან შეხვედრაში დავამტკიცებთ.

რუსეთს საქართველოზე ძლიერი ნაკრები ნამდვილად არ ჰყავს და კიდევ დიდხანს არ ეყოლება” – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრების რუსეთის რაგბის ფედერაციის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ დმიტრი მოროზოვმა “სოვეტსკი სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ მათთვის საქართველოსთან შედარება სასაცილოა. “საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას უნდა გავუტოლდეთ. საქართველოსთან შედარება ჩვენთვის სასაცილოა”.

საქართველოს ნაკრები ორი შეხვედრიდან ორი მოგებით და 8 ქულით ლიდერობს.მეორე ადგილზე რუსეთის ნაკრებია 6 ქულით. მორიგ შეხვედრას “ბორჯღალოსნები” 2 მარტ ბრიუსელში ითამაშებენ ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, შემდეგ კი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...