მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი: ეს პროტესტის ფორმა და პერფორმანსი იყო

თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, გუშინ არავინ დაშავებულა და მისი თქმით, ეს იყო ერთგვარი აქცია-პერფორმანსი, რადგან სოციალური საკითხებისა და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი სახელმწიფოსა და მასმედიის ყურადღების მიქცევას ცდილობდა

მისივე თქმით, დაკავებულს საკუთარი სურვილით გამოეხმაურა და ორ სხვა ადვოკატთან ერთად მის ინტერესებს უსასყიდლოდ დაიცავს.

„რეალურად არავინ დაზიანებულა, ფული არ მოუთხოვია, ყაჩაღობას არ ჰქონდა ადგილი. ეს არ იყო ნამდვილი იარაღი. ე.წ მძევლებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გარკვეული სტრესი მიიღეს, მძიმე იყო მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა, მაგრამ მერწმუნეთ, არავისთვის არ მიუყენებია ზიანი. ვინც სთხოვა, გამოსულიყო, მან ისინი გამოუშვა. მეტსაც გეტყვით, მოლარე გოგონას სთხოვა, სალაროდან რომ გამოვიდა, დაეკეტა სალაროს კარები, რომ არ დაკარგულიყო რაიმე თანხა, მასთან რომ არ ჰქონოდათ ამ მიმართულებით პრობლემა. ეს იყო ერთგვარი პროტესტის ფორმა და პერფორმანსი. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ შეიძლება მასმედიისა და ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო ამ ქვეყანაში. თუ არ არის კონკრეტული მასმედიის დღის წესრიგი, არავის გააშუქებენ. ეს იყო აბსოლუტურად გულწრფელი პროტესტი. პროტესტი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია.

ჩვენ გვყავდა მაჟორიტარობის კანდიდატი წამლების ბიზნესიდან და არასდროს უთქვამს, რომ წამლების ფასი დაიწევდა, ასევე გვყავდნენ ბანკირები, რომელთაც არ უსაუბრიათ, რომ საპროცენტი განაკვეთი დაიწევდა. მეტსაც გეტყვით, გვყავს ხელისუფალი, რომელსაც არასდროს უსაუბრია იმაზე, რომ როცა მივიღვწით დასავლური ღირებულებებისკენ, არც ერთ ქვეყანაში არ არის ის საპროცენტო განაკვეთები, რაც არის საქართველოში. თაობები გაანადგურა და რეალურად, სათამაშო ბიზნესმა ოჯახები უსახლკაროდ დატოვა და ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. არც ერთი პოლიტიკოსი არ საუბრობს ამ რეალურ პრობლემებზე. ეს იყო მისი გულწრფელი პროტესტი და ამიტომაც ვიცავ მას უანგაროდ. მინდა, მან სრულყოფილი იურიდიული სერვისი მიიღოს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი იყო შეჭრილი, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. გავრცელდა მისი რამდენიმე მოთხოვნა, ერთ-ერთ მოთხოვნად დასახელდა აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოში, ასევე წამლების გაიაფებაც და საბანკო სესხებზე პროცენტების დაწევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად