მიხეილ ცაგარელი: 2019-ში მერწყულისა და ლომის დაპირისპირებამ შესაძლოა “ოცნება” გადაიყოლოს (ინტერვიუ)

მიილია 2018 წელი და მოდის ახალი 2019 წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრით ღორის, იგივე ტახის წელიწადია. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2019 წელს სირთულეები იქნება მთელ მსოფლიოში, მოსალოდნელია ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიც. ამ თვალსაზრისით, ასტროლოგი ვარაუდობს, რომ ბევრი ცვლილება იქნება ხელისუფლებაში, ხოლო თუ ცვლილებებს ნაბიჯს ვერ აუწყობს, შესაძლოა მთელი სისტემა თავდაყირა დადგეს.

ცაგარელი იმასაც ამბობს, რომ ამ დროს მოსალოდნელია მერწყულისა და ლომის დაპირისპირებაც. სხვათა შორის მერწყული „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ლომი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა საინტერესო განცხადების გამო.

ცაგარელი ამბობს, რომ წლის მეორე ნახევარი საკმაოდ რთული იქნება კახა კალაძის, გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილისთვის. მისი თქმით, სიფრთხილეა საჭირო რუსეთთან ურთიერთობაშიც, რადგან კონფრონტაციის რისკია. ასტროლოგი იმასაც ამბობს, რომ რუსეთს მერწყული მართავს, ხოლო საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პირად ჰოროსკოპში აქვს თეთრი მთვარე-მფარველი ანგელოზი მერწყულის ზოდიაქოში, ამიტომ რუსები განსაკუთრებით ლოიალურები არიან მის მიმართ.

როგორ უნდა გავაცილოთ ძველი წელი, შევხვდეთ ახალ წელს და როდის არის ძველი წელის გაცილების დღე?

სიმართლე გითხრათ მე მაინც ვერ ვიგებ, რატომ გვაქვს ძველი წელის გაცილების დღედ 31 დეკემბერი, იმიტომ რომ ბუნებრივად ახალი წელი ჩვენ გვაქვს 22 დეკემბერს. ეს არის მზის ერთი ბრუნი, იგი შედის ნულოვან წერტილში, ანუ მზე ერთი და იმავე ადგილას ჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ამოდის და ჩადის. მერე იწყებს ამოძრავებას, ანუ ოდნავ იმატებს სინათლე. ეს უკვე არის ახალი მზის ერთწლიანი ციკლის დაწყება. ეს არის ბუნებრივად ახალი წელი. ბუნება თვითონ მიგვითითებს, როდის არის ახალი წელი. ანუ, 22 დეკემბერს არის მზებუდობა. ტრადიციულად მზე გადადის ზოდიაქოში თხის რქა. აქ ჩვენ გვაქვს გაცილების რიტუალი.

გაცილების რიტუალი როგორ უნდა მოხდეს?

გაცილების რიტუალი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვიღებთ რაიმე სახის ზარს, თუ გვაქვს პატარა ზარი კარგია, ზემოდან ვადებთ ჩვარს, რათა მოგუდული ხმა იყოს და საათის ისრის საწინააღმდეგოდ დავდივართ ოთახში. ვაცილებთ და მადლობას ვუხდით ძველ წელს. 25 დეკემბერს როცა იწყება ახალი ციკლი, საკრალური რიცხვია 25 და უდიდესი სულიერ-ოსტატები იბადებიან 25-ში იესოს ჩათვლით. აქ უკვე ჩვენ ვხსნით ამ ჩვარს და საათის ისრის მიმართულებით დავდივართ ოთახში და ვეგებებით ახალი წლის შემოსვლას. ასე იყო ოდითგანვე.

ამიტომ, 31-ში რა ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ რადგან ჩვენ 31-ში ვხვდებით აქაც ყველას ვეუბნები, არ დაგავიწყდეთ-სანამ დაიწყება ახალი წელი, თუნდაც ნახევარი საათით ადრე აანთეთ სანთელი და თუნდაც ამ სანთლის მეშვეობით მადლობა გადაუხადეთ წინა წელიწადს და შეხვდით ახალ წელს.

რეალურად 31 დეკემბერს დატვირთვა აღარ აქვს?

არა, რახან ჩვენ ასე ვხვდებით ე.ი. დატვირთვა უკვე აქვს. იმიტომ, რომ ჩვენ ასე ვხვდებით და ასეა მიღებული. ვტვირთავთ ამ დღეს განწყობით, დავუშვათ ახლობლებთან შეხვედრით, სადღეგრძელოებით და ა. შ. დატვირთვა როგორ არ აქვს, მაგრამ ბუნებრივად რა დატვირთვა აქვს, ვერ ვიგებ. ბუნებრივად დატვირთვა აქვს 22-25 დეკემბერს.

ვინაიდან ჩვენ 31 დეკემბრის ღამეს და 1 იანვარს აღვნიშნავთ ახალ წელს, საინტერესოა მკითხველისთვის, რა უნდა გვქონდეს საახალწლო სუფრაზე?

ჩვენ გვაქვს ტახის, იაპონურად ღორის წელიწადი, რომელიც განეკუთვნება მიწის სტიქიას. ეს მიწის სტიქია ჩვენ გვაძლევს ფერებს. მთავარია ყვითელი და ოქროსფერი ფერები. მერე მოდის ბეჟი (ჩალისფერი), კრემისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი ტონები, მწვანე. აქსესუარებში შეგვიძლია შევიტანოთ წითელი და ლურჯი. ეს ფერები ძირითადად ტანსაცმელში უნდა იყოს წარმოდგენილი, უნდა იყოს ნაძვის ხეში წარმოდგენილი, კარგი იქნება თუ მაგისადაც ამ ფერებში გავაწყობთ.

უპირველეს ყოვლისა ღორის ხორცი არ უნდა გვქონდეს 31 დეკემბერს და არ უნდა გვქონდეს 5 თებერვალს. იმიტომ, რომ მომავალი წლის მასპინძელია. შესაბამისად, უმჯობესია არ ვაწყენინოთ და რეალურად აღმოსავლური კალენდრით ღორი ანუ ტახი 5 თებერვალს შემოდის აღმოსავლური კალენდრით. აქედან გამომდინარე 5 თებერვალს უნდა გამოვრიცხოთ ღორის ხორცის ჭამა. 5 თებერვალს ვის გაახსენდება, არ ვიცი, ამიტომ რადგან 31-ში მასობრივად ვხვდებით ახალ წელს, რიტუალებს ვიცავთ და პატივს მივაგებთ მომავალი წლის მასპინძელს, ამიტომ 31-შიც თავი შევიკავოთ.

დანარჩენი საკვები – დაწყებული ეგზოტიკურით და დამთავრებული მამა-პაპური საკვებით, ყველაფერი მისაღებია. ღორს პრობლემა არ აქვს ამ კუთხით. ტახი არის გურმანი და ყველაფერი შეიძლება იყოს, იქნება ეს ორიგინალური ხილი თუ მამა-პაპური საკვები.

ღვინო რომელი უნდა იყოს სუფრაზე?

ღვინო ნებისმიერი. ამ მხრივ ტახი ერთადერთია, როდესაც არანაირი აკრძალვა არ გვაქვს. გარდა ღორის ხორცისა, ისიც 31-ში და 5-ში.

ეს ორი დღე განსაკუთრებით რომ იკრძალება გასაგებია, სხვა დღეებში მისი მიღება სასურველია?

1-ში, 2-ში, პრობლემა არ არის. მარტო ამ ორ დღეს 31 დეკემბერსა და 5 თებერვალს არ უნდა მივიღოთ.

ახსენეთ ფერები, მოდის ტენედენციებშიც ხომ არ გამოიკვეთება ეს ფერები?

გააჩნია ვინ აქცევს. ჩვენთან დიზაინერები არ აქცევენ ყურადღებას, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვთ და არც აინტერესებთ.

რატომ? არ გქონიათ მათთან საუბარი?

კი, მაგრამ არ მიაჩნიათ საინტერესოდ. ხომ არის კატეგორია, რომელსაც არ აინტერესებს ასტროლოგია.

უცხოეთშიც ძირითადი მასა ასეთია, მაგრამ არის რამდენიმე. მაგალითად ვერსაჩე, რომელმაც ძალიან კარგად იცის ასტროლოგია და გადასარევად იყენებს ასტროლოგიურ პარამეტრებს. ასტროლოგიური თემატიკაც გააქვს მას და გააქვს ფერები. მსოფლიო დონეზეც კი 2-3 კაცი შეიძლება აღვნიშნოთ, ვინც დაინეტერესებულია ასტროლოგიით და მეტ-ნაკლებად იყენებენ და ითვალისწინებენ, მაგალითად, ივსენ ლორანი. დანარჩენებს არ აინტერესებთ. განვითარების ეს სახე მათ არ აქვთ.

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2019 წელი გამორჩეული როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვალსაზრისით?

ყველაზე წარმატებული იქნება მშვილდოსანისთვის, იმიტომ რომ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადის მშვილდოსანს. ამიტომ, ყველაზე მეტი შანსები ექნება ამ ნიშანს, უნდა იყოს ძალიან აქტიური და ენერგიული. შემდეგ მოდის ვერძი და ლომი. ცეცხლის სტიქიის სამივე ნიშანი, ყველაზე კარგი წელიწადი მათ აქვთ. თან ლომის ზოდიაქოს გადის მფარველი ანგელოზი. ყოველ შემთხვევაში აგვისტოს ბოლომდე და ისიც ეხმარება. შემდეგ კურო, გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, 2019 უფრო წარმატებულია მისთვის. წლის მეორე ნახევარი, სადღაც აგვისტოს ბოლოდან წლის ბოლომდე კარგი იქნება ქალწულებისთვის. აქ აქვთ შანსი, რომ აინაზღაურონ გარკვეული დანაკარგები და უფრო მეტად ახალი პერსპექტივები შეიქმნან. ტყუპები უკეთესად იგრძნობენ თავს და ასევე სასწორებიც.

მერწყულს რთული პერიოდი აქვს 5 მაისამდე, მეგობრული ღალატი, თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციები, სხვადასხვა სახის პროვოკაციები, პრობლემები ჯანმრთელობასთან-ეს ყველაფერი წინა პლანზე აქვს ამიტომ უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად. მე არ ვურჩევ მერწყულებს რაღაც ახალი საქმეების, გრანდიოზული საკითხების გადაწყვეტას 5 მაისამდე, მერე გაცილებით უკეთესი პერიოდი აქვს.

პირიქით აქვთ თევზებს, 5 მაისამდე ძალიან კარგი პერიოდი აქვთ თევზებს და უნდა იაქტიურონ, კარგი შესაძლებლობები აქვთ ყველა დონეზე, მათ შორის შემოქმედებითი კუთხით, ხოლო 5 მაისის შემდეგ შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა მერწყულიდან გადადის თევზების ზოდიაქოში წლის ბოლომდე. მათ შორის მეტი მიძალება ალკოჰოლური სასმელებისადმი, ნარკოტიკული ნაერთებისადმი, ფსიქოტროპული პრეპარატებისადმი. მეტი იქნება დეპრესიული მომენტები, ხასიათის ცვალებადობა, მეგობრული კონფლიქტები და ა. შ. ილუზიებში ყოფნის ტენდენცია მაღალია, შესაბამისად განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სექტემბერ-ოქტომბერში. ეს ყველაზე კრიტიკული მომენტი იქნება მათთვის, იმიტომ რომ ნეპტუნის და შავი მთვარის შეერთება მოხდება. ამიტომ აქ ილუზიების, მოტყუების და დეპრესიის პერიოდი იქნება ყველაზე მაღალი. ამიტომ, თევზებს ვურჩევ, რომ აგვისტოში ან სექტემბერში აუცილებლად დაისვენონ, რათა ნერვული სისტემა გაიმაგრონ, ამ პერიოდს მეტ-ნაკლებად მშვიდად შეხვდნენ. დანარჩენი ნიშნებისთვის მეტ-ნაკლებად საშუალოა.

2018 წელის თხის რქებისთვის მძიმე წელი იყო. 2019 როგორი წელი იქნება მათთვის?

წელს უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ისინი ნელ-ნელა უახლოვდებიან თავის ვარსკვლავურ პერიოდს, ეს არის 2020 წელი. ყველაზე კარგი და ძალიან ძლიერი. 2019 უკვე ამზადებს ფუნდამენტს 2020 წლის წარმატებისთვის. 2017-18 წლებთან შედარებით 2019 უკეთესია. უფრო სტაბილურია.

აღმოსავლური ზოდიაქოს მიხედვით როგორი წელი იქნება?

რაც შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქოს, ტახი მთავარი ფავორიტია, მის გარდა თხა და კატა. შემდეგ მამალი და ხარი ამ წლებში დაბადებული ადამიანებია. შედარებით რთულია მაიმუნის ვეფხვის და გველის წლებში დაბადებულებისთვის. მათ პრობლემები მეტი აქვთ. დანარჩენებისთვის ურთიერთობა საშუალოა და შესაძლებლობებიც საშუალო დონეზეა.

კურდღლის წელში დაბადებულებისთვის კარგი წელია?

კურდღელი ეს იგივე კატაა, ამიტომ ძალიან კარგი წელი ექნებათ. კატა-კურდღელი ეს იაპონურ-ჩინური ვარიანტია, თორემ ერთი და იგივეა.

მე ვარ კურდღლის წელში დაბადებული მერწყული…

გაითვალისწინე, რომ შენ ძალიან გშველის კურდღელი. 5 მაისის შემდეგ უკვე ორივე შენს მხარესაა. 5 მაისამდე კურდღელი გშველის, მაგრამ მაინც სიფრთხილე გინდა.

გადავიდეთ პოლიტიკურ ნაწილზე. მინისტრთა კაბინეტში თუ იქნება ცვლილებები? მაგალითად, შარშან დააანონსეთ ცვლილებები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის შეცვლა და გამართლდა…

აუცილებლად უნდა იყოს ცვლილებები. ეს არის რადიკალური ცვლილებების პერიოდი. საქართველო ემზადება 2021 წლისთვის, როდესაც 12 წლიან ციკლში ჩავერთვებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებების ციკლია, ამიტომ იქამდე ჩვენ უნდა შევემზადოთ. შემზადება ნიშნავს იმას, რომ აქ უნდა მოვიდნენ ახალი პროფესიონალები. ამიტომ გვჭირდება პროფესიონალები. ეს არის პროფესიონალების შემოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადი. ექნებათ საშუალება, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, ქარიზმატული ლიდერები. სწორედ ეს გვჭირდება, როდესაც უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა.

მათ შორის მოსალოდნელია მესამე ძალის გამოჩენა. ახლა არჩევნებმა მით უმეტეს გვაჩვენეს, რომ დაახლოებით პარიტეტულია ძალები და თითქმის ნახევრამდე იყოფა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომ მესამე ძალისთვის იხსნება დრო. ზუსტად ეს არის 2019 წელი, გინდა ბლოკის სახით, გინდა ცალკეული ორგანიზაციების ჯგუფების სახით. ეხლა უნდა შემოვიდეს მესამე ძალა. ახალი ადამიანები, ახალი ჯგუფები, რომლებიც შემოიტანენ იმ შესაძლებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს შემდეგ უკვე არჩევანის გაკეთებას, არა ერთ და მეორე ჯგუფს შორის, როცა სხვა შანსი არ არის, არამედ მესამე ძალა იქნება წინა პლანზე წამოწეული.

პოლიტიკური ლიდერებისთვის როგორი წელი იქნება?

რთული ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ისინი მზად არ იქნებიან იმ პროცესებისთვის, რომელიც აქ მოსალოდნელია. სადღაც მარტიდან ურანი შედის საბანკო-საფინანსო სფეროს ზოდიაქოს ნიშანში კურო, რაც ითხოვს რადიკალურ ცვლილებებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს მათ შორის საბანკო, ეკონომიკურ და საფინანსო სფეროში. მთავრობა არ არის ამისთვის მზად, ამიტომ ისევ დაიწყება ლარის კურსის ხტუნვა, ისევ დაიწყება ფინანსური პრობლემები. ამიტომ, აქ ჩვენ საკმაოდ რთული ტენდენციები გველის. რამაც შესაძლოა ზოგიერთი მინისტრიც კი გადაიყოლოს. შესაძლოა პრემიერსაც შეუდგეს წყალი.

მეორე პრობლემა უკავშირდება კოჰაბიტაციას, რომელიც ძალიან სერიოზულ დონეზე ავა. სერიოზული მოთხოვნები იქნება კოჰაბიტაციის საწინააღმდეგო. რამდენად მზად იქნება მთავრობა და მათ შორის პრემიერი ამისთვის, ფრიად სათუოა. ეს არის მეორე საკითხი, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუცალოს მას.

მესამე საკითხი არის ის, რა პოზიციას დაიკავებს იგი. წელს არის ძალიან დიდი ორთაბრძოლის ტენდენცია. შავ და თეთრ მთვარეს შორის. ანუ მფარველ ანგელოზსა და შავ ძალას შორის. დაპირისპირებაა მათ შორის, მერწყულსა და ლომში არიან ისინი. ეს დაპირისპირება მათ შორის ხდება 32 წელიწადში ერთხელ. ახლა გვაქვს ეს დაპირისპირება და დაახლოებით 3 მარტამდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს იცით რას? მერწყული არის ავანგარდული ნიშანი, რომელსაც მოაქვს რეფორმები და სიახლეები. მათ შორის ყველაფერი რაც არატრადიციულია. მათ შორის ლგბტ ჯგუფები. ყველაფერი რაც ტრადიციულია, ეს არის ლომი. ანუ ძალიან დიდი დაპირისპირება მიდის ტრადიციებსა და არატრდიციულ მიმდინარეობებს შორის. აქედან გამომდინარე ვის პოზიციებს დაიკავებს მთავრობა, პრემიერი, პარლამენტი. რომელ მხარეს დადგებიან შავი თუ თეთრი ძალების მხარეს.

სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილია მერწყული და თამარ ჩუგოშვილი ლომი.

მე მგონი ჩუგოშვილი უკვე ქალწულია.

არა, 11 აგვისტოს არის დაბადებული. ასე წერია მის ბიოგრაფიულ ცნობებში.

კი ბატონო. მე რატომღაც ქალწული მახსოვდა. ე.ი. აქ არის დაპირისპირება ამათ შორის. დაპირისპირებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები მოიტანოს. ასეთი მოვლენები მაგალითად ჩვენ გვქონდა საბჭოთა კავშირში 1917 წელს – რუსეთის რევოლუცია. შემდეგ იყო 1985 წელს, როდესაც დაიწყო ე.წ. პერესტრიკა და რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამან შეიძლება გადაიყოლოს არა მარტო პრემიერ-მინისტრი, არამედ მთლიანად „ქართული ოცნება“, თუ დროულად სათანადო მოქმედებები არ იქნა.

რადგან ჩვენ კვანძი წელს გვაქვს კოსმიური მისიის ფაქტორო კირჩხიბში, რომელიც ყველაზე დიდი ტრადიციონალისტია, მფარველი ანგელოზი იმყოფება დედების და შვილების ზონაში ანუ ლომში, ესე იგი ძირითადი მიმართულება პირდაპირ ნაჩვენებია კოსმოსის მიერ. საით უნდა იყოს მიმართული მთავრობა. დედათა და შვილთა ინსტიტუტის დაცვაზე და ტრადიცული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევაზე და არა ლგბტ ჯგუფებზე და რაღაც საეჭვო მიმდინარეობაზე, არავითარ ნარკოტიკულ ნაერთებზე. ყველა კანონი, რომელიც ამსუბუქებს ნარკოტიკის მიღებას, ჩაითვლება, რომ შავი მთვარის ზონაში დგება მთელი ჩვენი მთავრობა და პარლამენტი და ემსახურებიან შავ ძალებს.

კალაძე, გახარია, სალომე ზურაბიშვილი სამივე არის თევზები.

გახარია მე მგონი კირჩხიბია.

გახარია 19 მარტს არის დაბადებული.

რატომღაც კირჩხიბი მეგონა. კალაძე და ზურაბიშვილი კი. ამიტომ, აქედან გამომდინარე თავად გააკეთეთ დასკვნა. საკმაოდ რთული პერიოდი ელოდებათ სამივეს. პროვოკაციები, ჭორები, ინტრიგები, მტრები… ეს ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ გამახვილდება. შეცდომების დაშვების ალბათობაც მოიმატებს. ამიტომ უნდა იყვნენ ორმაგად ფრთხილად.

კობახიძეს როგორი წელი ელოდება?

სასწორს არა უშავს. მეტ-ნაკლებად სტაბილური. საშუალო წარმატების კუთხით. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო ზოდიაქო არ უშველის.  არის შავი და თეთრი ძალა და არის დაპირისპირება 32 წელიწადში ერთხელ. აქ უკვე ვის მხარეს დაიკავებ, იმის მიხედვით მიიღებ. იქ უკვე ზოდიაქოს აღარ აქვს მნიშვნელობა. კოსმოსი თვითონ გადაწყვეტს, ღირს თუ არა იმად, რომ დატოვოს ადგილზე. ამიტომ ცვლილებები გვექნება უამრავი. იმიტომ, რომ შეცდომებიც უამრავი გვექნება.

ალასანია მშვილდოსანია, რომელ ნიშანსაც საუკეთესო წელი აქვს, მის გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდოთ?

მე მოვუწოდე მას, როგორც კი მზე შევიდა მშვილოდოსნის ზოდიაქოში, ეს იყოს 23 ნოემბერი. მოვუწოდე, რომ გამარჯვების პლანეტა მზესთან ერთად შედის თქვენს ზოდიაქოში, მთელი წელი იქნება თქვენს ზოდიაქოში და ამიტომ დროა დასვენების შემდგომ გამოვიდეს ავანსცენაზე.

სააკაშვილისთვისაც კარგი წელია…

კი, მისთვის ძალიან კარგი წელი იქნება. მიშას ხომ ხედავთ რა დღეშიც არის, ვერ აჩერებენ. ენერგია მოჭარბებული აქვს, აღარ იცის სად წაიღოს. მიშას ცოტა ყურადღება უკრაინაზე აქვს გადატანილი, იმიტომ რომ იქ ახლა არჩევნები იმართება, დიდია შანსი გაიმარჯვოს მისმა პროტეჟემ – ტიმოშენკომ, ამის შემდეგ მან შეიძლება გამოკრას ხელი რამე თანამდებობას. ამიტომ მთელი ყურადღება მაინც იქით აქვს. საქართველოსთვის მაინც ბოლომდე ვერ იცლის. მაისის შემდეგ როცა იქ დამთავრდება, მერე გამოჩნდება. მოიცლის თუ არა საქართველოსთვის თუ არა. ყოველ შემთხვევაში იქიდან, რომ რაღაცას უხელმძღვანელებს და მისცემს განკარგულებებს, ეს ფაქტია.

კიდევ ვხედავთ ერთ მშვილდოსანს, რომელიც ძალიან აქტიურობს, ნიკა მელიას ვგულისხმობ. ვერ აჩერებენ ამ კაცს, მოჭარბებული აქვს ენერგია. აღარ იცის რა ქნას. ყველაზე აქტიური და ყველაზე აგრესიულია.

ზოგადად საქართველოსთვის როგორი წელი იქნება?

რთული. აქვს პლუსებიც, მაგრამ საფინანსო და საბანკო კუთხით იქნება სერიოზული ცვლილებები და მზად არ ვიქნებით. ვალუტა მერყევია. ძალიან ბევრ თანამდებობის პირს მოხსნიან, იქნება დაძაბულობა. იქნება საზოგადოებაში კონფრონტაცია. იქნება შეტაკებები, მიტინგები და ა. შ.

მოიმატებს დაძაბულობა?

კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოისვენებს. დამთავრდა, ახლა მაგათი დროა. ლიდერები ჰყავთ მშვილდოსნები, ამიტომ დაძაბულობა იქნება, პრობლემები იქნება.

სასიკეთოა ის, რომ კარგი წელიწადია სიყვარულისთვის, კარგი წელიწადია ქორწინებისთვის. წელს დაქორწინებული წყვილები საკმაოდ სტაბილურად იგრძნობენ თავს. კარგი წელიწადია დემოგრაფიული პრობლემების მოსაწესრიგებლად. კარგი წელიწადია უცხოეთთან აქტიური კომუნიკაციისთვის, მაგალითად ინვესტიციებისა და გრანტების შემოტანისთვის. ტურისტების რაოდენობა გაორმაგდება, ეს შემოსავლის მომატებასაც გამოიწვევს.

გაახსენდებათ ისეთი სფეროები როგორიც არის სამეცნიერო-კვლევითი, სასოფლო-სამეურნეო სფერო არსებობს თურმე და ესეც კარგია, რადგან აქაც ჩაიდება ინვესტიციები. სპორტი გააქტიურდება და სხვათა შორის იურისპრუდენციაში იქნება სასიკეთო ცვლილებები. ანუ არის სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ სირთულეებიც არის.

შარშან ინტერვიუში მითხარით, რომ ქართული ფეხბურთი წლევანდელზე გაცილებით უკეთესი იქნებაო, მართლაც გამოცოცხლდა. წელსაც იქნება პროგრესი?

პროგრესი იქნება, უბრალოდ ამას დრო უნდა. 2019 წელს საერთოდ ძვრებისა და წინსვლის წელი იქნება საერთოდ სპორტისთვის და არა მარტო ფეხბურთისთვის. გადავედით სტადიონების მშენებლობაზე, ეს უკვე კარგია. ინფრასტრუქტურა ცოტა უმჯობესდება და საერთო დონე ნელ-ნელა მოიმატებს. წელს ჩვენ ვნახეთ, რომ დაზაბულობამ მოიმატა, გასაგებია საერთო კლასი ვერ გამოსწორდება ერთ წელიწადში, მაგრამ რადგანაც დაძაბულობამ მოიმატა, ეს ხელს უწყობს სხვა დონის განვითარებას. თუ ლეგიონერებიც შემოვიყვანეთ, ეს კიდევ აამაღლებს კლასს, ეს ქვეყნის ფინანსებზეც არის დამოკიდებული. 2019 წელი ამ მხრივ კარგია, შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩაკვეტაძისნაირი ინდივიდუალისტები.

დემოკრატიისა და მედიისთვის როგორი წელი იქნება?

მედიისთვის კარგი. უამრავი სამუშაო გექნებათ, უამრავი სკანდალები გექნებათ, უამრავი გადაყენებები იქნება, ბათქა-ბუთქები, გინებები და ა. შ. არ მოიწყენთ. უამრავი სამუშაო და მრავალფეროვანი მოვლენები. მედიას არა უშავს, თუმცა მედიაშიც იქნება გადაყენებები. შეიძლება ახალი მედიაჯგუფები გამოჩნდეს, შეიძლება ზოგიერთი დაიხუროს. ცვლილებები იქნება. ყოველივე ეს მედიას მაინც სასიკეთოდ გამოადგება.

დემოკრატიას რაც შეეხება, ამის რა მოგახსენოთ. შავი მთვარე იმყოფება დემოკრატიის ნიშანში – მერწყულში. მე ვურჩევ, 5 მაისამდე თავი დაანებონ დემოკრატიას, კანონი, რომელიც გამოცხადებული იქნება დემოკრატიულად, ის ანტიდემოკრატიული ან ფსევდო-დემოკრატიული იქნება. იმიტომ, რომ ახლა დემოკრატიის ზონაში შავი მთვარე ზის. ის მოგვაჩვენებს, რომ აი ეს არის ძალიან დემოკრატიული, სინამდვილეში კი ასე არ იქნება, რასაც მერე გაარკვევენ ამას და დაიწყებენ ქექვას და შესწორებას. სჯობს, ყველა სახის დემოკრატიული კანონები 5 მაისის შემდგომ მივიღოთ.

ვისაუბრეთ დემოკრატიის პრობლემებსა და სამთავრობო ცვლილებებზეც. ხომ არ არის რისკი ხელისუფლებას ხელი დიქტატურისკენ წაუცდეს?

შეიძლება ძალიან უნდა, მაგრამ არ გამოდის, სად არის დიქტატურა? დიქტატურა იყო დავით აღმაშენებლის დროს, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგეს თავები წააძრო და შექმნა სრული დიქტატურა და ააყვავა ქვეყანა. ეს რა დიქტატურაა, სადაც კოჰაბიტაციაზეა საუბარი, ოპოზიციას აყვირებენ რამდენიც უნდა და სადაც უნდა. ეს არის დიქტატურა?

დიქტატურას თანამედროვე გაგებით ვგულისხმობ, მაინცდამაინც ისტორიულ წარსულში ნუ გავიხედავთ.

მე არ ვიცი ეგ რა დიქტატურაა, როცა ოპოზიციის ნახევარი ციხეში უნდა იჯდეს და პარლამენტში ზის თბილად. ჭკუას გვარიგებენ, ადრე თუ ერთი იყო, ახლა ხუთი ჯგუფია, რომელიც ერთი და იგივე ქადაგებს და ტვინს გვირეცხავენ.

მთავარი არის, რომ გააქტიურდეს მესამე ძალა, თორემ დიქტატურა ისე დადნება თვალსა და ხელს შუა, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს. საზოგადოებაში მზად არის აზრი მესამე ძალისთვის. არცერთი არ მოსწონთ, არც მეორე. თუ სანდო მესამე ძალა გამოჩნდება ხმების ნახევარს დაკარგავს როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ასე, რომ ვერ ვიტყვი, რომ დიქტატურაა. ოპოზიცია ყვირის ამას, მაგრამ მათ დაავიწყდათ როგორი დიქტატურა ჰქონდათ 9 წლის განმავლობაში, ამათ დაესიზმრებათ ის დიქტატურა. ყველაზე დიდი დიქტატორები ყვირიან, რომ ახლა არის დიქტატურა. ეს დიქტატორები თვლიან, რომ დემოკრატები არიან?! დაავიწყდათ, რომ თვითონ ორჯერ მეტი დიქტატორები იყვნენ და არავის არ ახარებდნენ.

თუ ამერიკას შევადარებთ იმასთან შედარებით შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტა მეტი დიქტატურა სადღაც არის, მაგრამ ტრამპი არ არის დიქტატორი? თავის ჭკუაზე არ აკეთებს ყველაფერს?!

თუმცა იქ სისტემაა სხვანაირად მოწყობილი…

რათ გინდა, იმ სისტემას ირგებს თავის თავზე და თავის ჭკუაზე.

გამორჩეული თვე თუ იქნება?

რამდენიმე თვეა გამორჩეული. ეს იწყება 6 იანვრიდან დაწყებული იანვრის ბოლომდე. შემდეგ მძიმეა აპრილი. განსაკუთრებით მძიმეა ივნისი და ივლისი. მძიმე იქნება სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი. აქ ტრავმების, ავარიების, კონფლიქტების, უსიამოვნებების, უიღბლობების ტენდენციები ყველასთვის რადიკალურად მატულობს, ამიტომ ვეცადოთ ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხები არ დავიწყოთ, ასევე მოვერიდოთ სარისკო მოქმედებებს. მით უმეტეს იანვარში ჩვენ გვაქვს მზის და მთვარის დაბნელებები, 6-ში და 21-ში, საკმაოდ მძიმე. შემდეგ ივნისშიც გვაქვს მზის და მთავრის დაბნელებები, მერე უკვე სექტემბერ-ოქტომბერში. დაბნელებებზე განსაკუთრებით იძაბება სიტუაცია. მათ შორის იძაბება სიტუაცია ქვეყნებს შორის. დაძაბულობა მოიმატებს მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაში. შეიძლება საზღვარზე, სამაჩაბლოში ან შიდა კონფლიქტები, მიტინგები გამოსვლები იყოს და შესაძლოა ამ ყველაფერმა რადიკალურად დაძაბოს სიტუაცია.

რუსეთთან კონფრონტაციის საფრთხეა?

კი არის, ყველანაირი საფრთხეა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ჩვენი ახალი პრეზიდენტი ნელ-ნელა მოაგვარებს ამ საკითხებს. იმიტომ, რომ თავის დროზე მისი მინისტრობისას გაიყვანეს რუსებმა აქედან ჯარი. მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა ლავროვთან. ლავროვი დღესაც თავის ადგილზეა. სალომეს პირად ჰოროსკოპში აქვს თეთრი მთვარე-მფარველი ანგელოზი მერწყულის ზოდიაქოში. მერწყული მართავს რუსეთს. ამიტომ, რუსები მის მიმართ განსაკუთრებით ლოიალურები არიან. ამიტომ, იმედი მაქვს რომ უახლოეს წლებში ის შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. ამ ურთიერთობების დალაგების გარეშე არანაირი საკითხი, გინდ სამაჩაბლოსთან, გინდ აფხაზეთთან ვერ გადაწყდება. არანაირი ამერიკა და ევროპა ამას ვერ გადაგვიწყვეტავს.

თუ ჩვენ გვინდა ნატოში შესვლა, როგორ შევდივართ? ამას ვერავინ მიხსნის. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევდივართ? სხვანაირად ნატო ვერ მიგვიღებს. ამაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ მაქვს. ამიტომ, ეს თუ არ მოვაგვარეთ, აზრი არ აქვს ნატოში შესვლას. მაშინ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს საბოლოოდ დავკარგავთ.

მსოფლიოსთვის როგორი წელი იქნება? წელს მოიმატა მიწისძვრებმა და ეს კატაკლიზმები ისევ იქნება?

იქნება. იმიტომ, რომ მიწის სტიქიაა მმართველი 2018-შიც და 2019-შიც. ამიტომ ყველაზე მტად მაინც მიწის სტიქიის თვალსაზრისით არის ხიფათები. საქართველოში ნაკლებად, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ისევ იქნება ეს ტენდენციები. შეიძლება მცირეოდენი ფინანსური კრიზისი იყოს. იგივე ურანის კუროში შესვლასთან დაკავშირებით. არა მარტო ჩვენი მთავრობა, არამედ უცოხეთის ქვეყნები, მათ შორის ევროპის ქვეყნებიც შესაძლოა არ იყვნენ მზად აი ამ საბანკო სექტორში ურანის შესვლის გამო, რაც დაუყოვნებლივ ცვლილებებს მოითხოვს.

ეკონომიკური კრიზისის რისკია?

კი, სერიოზული რისკია, რომ იყოს საბანკო-საფინანსო კრიზისი და სხვა სახის კრიზისები დაიწყოს. ამას მეორე ნახევარში გამოასწორებენ, როცა ქალწულში გადავა მფარველი ანგელოზი, სადღაც სექტემბრის შემდეგ. მაგრამ იქამდე, რამდენიმე თვე შესაძლოა საკმაოდ პრობლემური თვე იყოს. ეს ჩვენს ეკონომიკასაც საკამოდ დიდ დაღს დაასვამს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მთავრობამ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ადამიანები ფინანსურად ვერ მომჯობინდნენ. ამ კუთხით, როგორი შედეგი ექნება ამას საშუალო და დაბალ ფენაზე?

ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამან არ უშველა?! ადამიანებს, ვისაც ვალდებულება მოეხსნა, მათ ამოისუნთქეს. ახლა ისინი უჩივიან სხვა რამეს, იმას, რომ ქვეყანაში არის მაღალი ფასები. რომ ვთქვა, რომ უკეთესი ვითარება იქნება, მოგატყუებთ. შეიძლება საბანკო-საფინანსო სისტემა თავზე დაგვექცეს. მაისიდან როცა ურანი კუროში შევა. უარესსაც გეტყვით. მთავრობა ჯერ-ჯერობით არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ჯგუფები, ახალი ფაბრიკა-ქარხნები აშენდეს. თუ ეს არ გაკეთდა, საიდან უნდა ჰქონდეს ადამიანებს ხელფასი. ეკონომიკა რეალურად არ მუშაობს. ხელფასები დაბალია, ფასები მატულობს. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ განულების გამო, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ბანკებიდან ბევრი გაუშვეს და ეს ოჯახები დარჩნენ ნულზე. ანუ ამათ, ერთი მხრივ ვიღაცის მდგომარეობა გააუმჯობესეს და ვიღაცის გააუბედურეს. კარგიც არის და ცუდიც. ერთი მხრივ მივესალმე, მაგრამ ასე მაინც არ უნდა მომხდარიყო იმის ხარჯზე, რომ ხალხს სამსახური დაეკარგა. მთლიანობაში ასეთი გაკეთებული საქმე არ მომწონს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...