მიხეილ სააკაშვილის დედა: ის იმსახურებს თავისუფლებას, ვერ ვიგებ რატომაა გამოკეტილი, ეს მე არ მესმის

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისმა დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

„მე შევედი იქ და დავინახე გისოსები, ამან დისკომფორტი გამიჩინა, რატომ? რისთვის? ბოლოსდაბოლოს?! ჩემთვის უცნაური იყო ეს ყველაფერი…

მე დავინახე, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა ექიმების მხრიდან. ექიმები, ექთნები ყველა აკეთებს თავის საქმეს კარგად. ეს ადამიანები ძალიან ცდილობენ დააყენონ  ფეხზე და დაუბრუნონ ჩვეულ ფორმას.

სუსტად არის, რაც აშკარად ჩანს, კუნთების პრობლემა აქვს. გადაადგილება შეუძლია, ის არის რომ დიდხანს ვერ ივლის, იღლება. მაგრამ ეს ყველაფერი ალაგდება.“ – განაცხადა გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში.

 

ჟურნალისტის კითხვაზე: მისმა პირადმა ექიმმა ნიკა ყიფშიძემ თქვა რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე უნდა მკურნალობდეს. ამის საჭიროება სამედიცინო თვალსაზრისით არის ახლა?

„იცით, ექიმებს თავისი შეფასება აქვთ. რა თქმა უნდა მე მირჩევნია ჩემი შვილი იყოს თავისუფლებაზე. საერთოდ წარმოუდგენელია ადამიანი რომელიც სულ მოძრაობს, მისთვის სივრცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უცებ პატარა ოთახში გამოკეტილი. ეს წარმოუდგენელია. ფსიქოლოგიურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან წამალზე მნიშვნელოვანია როგორი განწყობა აქვს ადამიანს. კეთილი სიტყვა, განწყობა, იმედის მიცემა… თუ ის იქნება თავისუფალი, ბევრად სწრაფად მოხდება მისი რეაბილიტაცია.

ბოლოს და ბოლოს ის იმსახურებს თავისუფლებას, საერთოდ ვერ ვიგებ რატომ არის გამოკეტილი. ვერაფრით გამიგია, ეს მე არ მესმის“. – განაცხადა გიული ალასანია გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.

კომენტარები
იტვირთება...