მიხეილ სააკაშვილი:  ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს გვერდში დგომას და ივანიშვილის დამარცხებას პირდება და აცხადებს, რომ საქართველოში არსებული უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მოსკოვის დაკვეთას ასრულებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეო მიმართვას აქვეყნებს:

„საქართველოში ივანიშვილმა დააბრუნა 90 წლების კრიმინალების თარეში. მისი შვილი ბერა, კანონიერ ქურდთან და მის შვილთან „კაწროსთან“ მეგობრობს, შექმნეს კრიმინალების დაჯგუფება, რომელიც დადის და ხოცავს ახალგაზრდებს.

ივანიშვილის ძმამ და მისმა პარტნიორმა ასკენელებმა შექმნეს გაკრიმინალებული სპორტსმენების და ბანდიტების დაჯგუფება რომელიც ატერორებს, აშინებს პოლიტიკურ ოპონენტებს.

ეს არის „ბესპრეძელშიკების“ გაბატონება საქართველოში. საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, ის მთლიანად არალეგიტიმურია. არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არც იმ სიტუაციის კანონიერებას, რომელიც ამ დროისთვის არის საქართველოში. პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა ივანიშვილმა სამუდამოდ მოგვჭრა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ.

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა და არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, ისინი საქართველოს მტრები არიან, რომლებიც მოსკოვის დაკვეთას ასრულებენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად