მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გეგმავს, რომ უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივროს. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის გაიმარჯვებს.

“რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებ, სადაც 100% -ით გავიმარჯვებ, მაგრამ უზენაესი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად ძლიერია პოროშენკოს გავლენა უკრაინის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, “მოსამართლეები ძველი სისტემის ძირითადი საყრდენი არიან, რაც ეწინააღმდეგება უკრაინის განვითარებასა და წარმატებას, ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას”.

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან სასამართლოს საჩივრით მიმართა და ირწმუნებოდა, რომ უკრაინიდან პოლონეთში მისი გაძევება უკანონო იყო. გადაწყვეტილება 19 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური თავის facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

2018 წლის თებერვალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევში დააპატიმრეს და პოლონეთში გაგზავნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად