მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს №18 ციხის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა და მკურნალობის გაგრეძლება შესთავაზა.

“იქიდან გამომდინარე, რომ მის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი, ის განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას მდგომარეობას. აქედან გამომდინარე ითვალისწინებს, სურს მას დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას ახლა და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მაგრამ, ეს არ არის მისი არჩევანი. არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას. მაგრამ ის რაც ყველას გვაღელვებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ასეთი დამოკიდებულება.  ერთადერთი რაც შეიძლება იყოს ამ ღონისძიების გასატარებლად შემაფერხებელი, მას აქვს ასეთი პირობა, რის გამო დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ნაცმოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ.

“რატომ შეირჩა გორის სამხედრო ჰოსპიტალი? იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ისე უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს.

მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია  და მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვენ.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოშ გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

კომენტარები
იტვირთება...