მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, წარვდგე სამართლიანი სასამართლოს, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს

“მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს.” – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ წერილში წერს და აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანით ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ, ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ – დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით. როცა გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები გარეთ, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ჩავერთები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტიობის და უიმედობის დასრულებაში.

ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა, არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ, მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ. ვითხოვთ, ვცოვრობდეთ თავისუფალ, არა ძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს, გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს, მჯერა, რომ სწორედ ახლა გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯი უკან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...